რუსეთის უკანონო „ბორდერიზაციის“ქმედებებს და გასასვლელი პუნქტების ჩაკეტვას მავნებლური გავლენა აქვს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობაზე

ეუთო-ში აშშ-ის ელჩმა, ჯეიმს გილმორმა საქართველოს ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო საზღვრის გასწვრივ უკანონო ინსტალაციის პროცესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა:

„შეერთებული შტატები ღრმად არის შეშფოთებული იმ ცნობების გამო, რომ რუსეთის ხელმძღვანელობით უსაფრთხოების საქმიანობის განმახორციელებლებმა განაახლეს აგრესიული და ინტენსიური „ბორდერიზაციის“ აქტივობები რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან, სოფელ ტახტისძირთან ახლოს. მე კიდევ უფრო მაშფოთებს ის, რომ ამ ქმედებებს ადგილი ჰქონდა მართლმადიდებლური აღდგომის შაბათ-კვირას და მსოფლიო პანდემიის კრიზისის ფონზე.

ე.წ. „სასაზღვრო“ ნიშნების დამონტაჟება არარსებულ საზღვარზე და მოთხოვნა, რომ საქართველოს უშიშროების ძალებმა ეს ადგილი დატოვონ, ზრდის დაძაბულობას და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ვგმობთ, ამ და ყველა სხვა სახის ქმედებას სამხრეთ ოსეთში დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რაც ამწვავებს დაძაბულობას და ხელს უშლის ყველა აუცილებელ ძალისხმევას, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება. ჩვენ ნებისმიერი მანიშნებლების, სტრუქტურებისა და ბარიერების აღმართვის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოვუწოდებთ, რომლებიც მიმართულია ადმინისტრაციულ ხაზთან უკანონო „ბორდერიზაციის“ გაძლიერებისა და გაფართოებისკენ.

რუსეთის უკანონო „ბორდერიზაციის“ქმედებებს და გასასვლელი პუნქტების ჩაკეტვას მავნებლური გავლენა აქვს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობაზე. 2019 წლის სექტემბრიდან, არაერთი ადამიანი დაიღუპა გაუმართლებლად, რადგან რუსეთის მიერ მართულმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს ამ მოქალაქეებს უფლება არ მისცა, სამედიცინო დახმარების მისაღებად ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზი გადაეკვეთათ. როგორც ცნობილია, მიმდინარე თვეში სამი ადამიანი დაიღუპა. ჩვენ, კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ რუსეთს, რომ შეწყვიტოს ქართული ტერიტორიების 20%-ის უკანონო ოკუპირება და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, რაც გულისხმობს კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე მისი ძალების დაბრუნებას. ჩვენ, ასევე, მოვუწოდებთ რუსეთსა და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებლად მიწოდება და დაუშვან საერთაშორისო დამკვირვებლები საქართველოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე“”, -ნათქვამია განცხადებაში.

2020-04-24T10:57:49+04:00აპრილი 24th, 2020|