ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი დავით სერგეენკოს უპირისპირდება. ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელობის უკმაყოფილება ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის იმ განცხადებამ გამოიწვია, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა.

კერძოდ, ამჟამად უკვე „საბურთალოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა „იმედის“ ეთერში საყოველთაო ჯანდაცვისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამების ინიცირებასა და განხორციელებაში მის მიერ გაწეულ სამუშაოზე და დამსახურებაზე ისაუბრა, რამაც კლინიკის ხელმძღვანელების გაღიზიანება გამოიწვია.

საპასუხოდ, დღეს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის Facebook-გვერდზე განცხადება გავრცელდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„ა.წ. 21და 26 ივლისს ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემებში „არენა“ და „იმედის კვირა“ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ბატონი დავით სერგეენკო და გადაცემის სხვა მონაწილეები საუბრობდნენ ბ-ნი დავითის უდიდეს დამსახურებაზე საყოველთაო ჯანდაცვისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამების ინიცირებასა და განხორციელებაში, „მის მიერ გადარჩენილ ათეულ ათასობით სიცოცხლეზე“. ბ-ნმა დავითმა ლამის COVID-19-იც მიიწერა. ამავე დროს ბ-ნმა დავითმა სთქვა ძალიან ნიშანდობლივი ფრაზა, რომ ჯანდაცვაში მინისტრს „მარტო არაფრის გაკეთება არ შეუძლია“, ხოლო „გაფუჭება კი ბევრი რამის შეუძლია“.

მინდა დაბეჯითებით ვთხოვო ბ-ნ დავითს, დააკონკრეტოს „რა გაუკეთა“ და „რა გაუფუჭა“ (რასაც ქვეყანა ახლა იმკის) მან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, კონკრეტულად რა დამსახურება აქვს მას C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ინიცირებასა და განხორციელებაში და „რა გაუფუჭა“ (რასაც ასევე ახლა ვიმკით) მან ამ პროგრამას. აგრეთვე, ვთხოვ გვიპასუხოს, რატომ მიიყვანა სრულიად გამიზნულად ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამედიცინო დაწესებულება – ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი განადგურების პირას და როგორია მისი წვლილი იმაში, რომ ცენტრს, მის პერსონალს და პაციენტებს დღესაც უკიდურესად მძიმე პირობებში უწევთ ყოფნა და რატომ გადაწყვიტა მან ისტორიაში შესვლა „ჰეროსტრატეს“ სახელით.

ბ-ნი დავითის პასუხზე იქნება დამოკიდებული ჩვენი შემდგომი ნაბიჯები.“ – ნათქვამია განცხადებაში.

წყარო