“პუტინის თანხმობის გარეშე ამას ვერავინ გაბედავდა”, – ამ სიტყვებით გიორგი გაბუნიას საქმესთან დაკავშირებით “ფორმულასთან” ინტერვიუში საუბრობს ჩეჩენი ბლოგერი, ტუმსო აბდურაჰმანოვი, რომლის ლიკვიდაციაც რამზან კადიროვს სურდა.

„ერთი რამ დაზუსტებით შემიძლია ვთქვა – პუტინის სანქციის გარეშე ამის გაკეთებას ვერავინ გაბედავდა. აქ შეიძლება იყოს პუტინის პირდაპირი ბრძანება, ან უსიტყვო თანხმობა, რაც სავსებით რეალურია. დუმილი თანხმობის ნიშანია. ჩემი აზრით, კადიროვს არ გაუკეთებია ისეთი რამ, რისთვისაც კრემლში ეჩხუბებოდნენ. ამიტომ ვფიქრობ, რომ კრემლი საქმის კურსშია. პუტინი გაბუნიას გამონათქვამებით ძალიან შეურაცხყოფილი დარჩა. ამიტომ მან კადიროვს თავისუფლად მოქმედების ნება მისცა. პუტინი ახლა სულაც არ იქნება კმაყოფილი იმით რომ კადიროვის გამოგზავნილი კილერი დააკავეს“, – აცხადებს ტუმსო აბდურაჰმანოვი.

ამჟამად აბდურაჰმანოვი შვედეთს აფარებს თავს, ხოლო მის საქმეზე სამი პირია დაკავებული და სამივე რუსეთის მოქალაქეა.

შეგახსენებთ, ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს აჰმედის სახელით ცნობილი დაკავებული ჩეჩენი ეროვნების 40 წლის კაცი, სინამდვილეში, რუსეთის მოქალაქეა და ის  საქართველოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული.მომხდარის მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება იყო.

ხვალ, 18 ივნისს, 10 საათზე გიორგი გაბუნია სუს-ში დაიბარეს. არსებული ცნობით, უწყება „მთავარი არხის“ ჟურნალისტს რამდენიმე წუთის წინ ჩაბარდა.