არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლანგვის დეტექტორის“ ინფორმაციით 2018-2019 წლებში მარნეულის და ბოლნისის ბიუჯეტიდან ეპარქიების დაფინანსებამ 1.45 მილიონი ლარი შეადგინა. ხოლო ჯანდაცვის პროგრამაზე 924 ათასი ლარი დაიხარჯა.

„კორონავირუსით გამოწვეულმა კრიზისმა კიდევ ერთხელ აჩვენა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ბიუჯეტის და მათ შორის ადგილობრივი ბიუჯეტების რაციონალური და გონივრული ხარჯვა. სამწუხარო სურათი, რომელიც მუნიციპალიტეტებში სოციალური პროგრამებისა და წარმომადგენლობითი ხარჯების დისპროპორციულობით იყო გამოწვეული, კიდევ უფრო სამწუხაროა თუ ამ უკანასკნელს ჯანდაცვასთან შევადარებთ.

პირველი ორი მუნიციპალიტეტი, სადაც სახელმწიფომ განსაკუთრებული ზომები მიიღო, ბოლნისი და მარნეული იყო. ეპიდსიტუაციაში მომატებული რისკის მქონე ამ მუნიციპალიტეტებში, გასულ წლებში, გაცილებით ნაკლებს ხარჯავდნენ საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე, ვიდრე მაგალითად ადგილობრივი ეპარქიებზე.

საზოგადოებრივი ჯანდაცვა იმ ღონისძიებებს მოიცავს, რაც მუნიციპალიტეტს პანდემიასთან ბრძოლაში დაეხმარებოდა. აღნიშნული ქვეპროგრამა 2018-19 წლებში ამ ორ მუნიციპალიტეტში 1.5-ჯერ უფრო ნაკლები თანხით დაფინანსდა, ვიდრე მართლმადიდებლური ეკლესიის ადგილობრივი ეპარქიები.

კერძოდ 2018-19 წლებში ჯანდაცვის ხარჯებმა 924,600 ლარი შეადგინა, ხოლო ეპარქიების დაფინანსებამ 1,445,200 ლარი.

უნდა ითქვას ისიც, რომ ეპარქიების დაფინანსების მიზნობრიობაში მუნიციპალიტეტები მიუთითებენ ტაძრების მშენებლობის, მონასტრების აღდგენისა და მათი შემდგომი აღორძინების ხელშეწყობას.

აგრეთვე ამ თანხებში შედის ეკლესია-მონასტრებისთვის კომუნალური გადასახადების დაფარვა.აღსანიშნავია, რომ ამ მუნიციპალიტეტებში ეპარქიებს ღვთისმსახურება არ შეუწყვიტავთ, მიუხედავად კარანტინის გამოცხადებისა.

გარდა ამისა, ამ მუნიციპალიტეტების მოსახლეობას არ ჰქონდათ ინფორმაცია ვირუსის გავრცელების და მისი საფრთხეების შესახებ, რაც პირდაპირ ევალებოდა საზ.ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულ შესაბამის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.

მარნეულსა და ბოლნისში 16,082 ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, რომელთა მდგომარეობაც კორონაკრიზისის პირობებში კიდევ უფრო მძიმდება“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.