პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ გააკრიტიკა შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისთვის.  მისი აზრით, ჯო ბაიდენი პუტინთან შეხვედრამდე უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის უნდა შეხვედროდა. ამის შესახებ პოლონური გაზეთი Dziennik Gazeta Prawna იუწყება.

პოლონეთის მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტის მიწვევა თეთრ სახლში “კარგ გადაწყვეტილებად” ჩათვალა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ “შეხვედრების თანმიმდევრობა” შეუსაბამოა.

რაუს აზრით, პოლონეთს სურს, რომ  უკრაინა, როგორც რუსეთის აგრესიის მსხვერპლი ქვეყანა, გახდეს სპეციალური სტუმარი ნატოს სამიტზე, რომელიც 14 ივნისს ბრიუსელში შედგება. თუმცა, ზელენსკის არასდროს მიუღია მოწვევა ამ სამიტზე  ბაიდენმა კი  სავარაუდოდ, “სიტუაციის გადარჩენა სცადა” ზელენსკის შეერთებულ შტატებში მიწვევით.

პოლონეთის დიპლომატიის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ბაიდენის პუტინთან და ზელენსკისთან შეხვედრების რიგითობა კიდევ ერთი შეცდომაა. ამავე დროს, რაუს სჯერა, რომ პუტინისა და ბაიდენის შეხვედრის შემდეგ, განსაკუთრებული ცვლილებები არ მოხდება. შეერთებული შტატები არა მხოლოდ არ გააუქმებს, არამედ არც კი შეარბილებს სანქციებს, რომლებიც უკვე დაწესებულია რუსეთზე. თავის მხრივ, პუტინიც არ შეცვლის აგრესიულ ქმედებებს.

ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი  16 ივნისს ჟენევაში შეხვდებიან.

 

 

თამო თავხელიძე