ქართველ მუსლიმთა გადაწყვეტილებით, ჯგუფურ ლოცვებზე შეზღუდვა 24 მაისამდე დარჩება ძალაში. პანდემიის გამო მუსლიმებს რამადანის თვეშიც შეეზღუდებათ მეჩეთებში მისვლა. საქართველოს სამუფთო მოუწოდებს მრევლს, საკუთარ ოჯახებში შეასრულოს ღვთისმსახურება და დაკავდნენ ყურანის კითხვით.

“ჩვენ ახალს არაფერს არ ვაკეთებთ, ვინაიდან ისლამი ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ამიტომ, როდესაც საფრთხეშია სამყაროში ყველაზე უმთავრესი ქმნილების, ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, შესაბამისად, ჩვენი რელიგიის მიხედვით გვეძლევა ნებართვა, რომ ამ ჯგუფურად ლოცვები შევასრულოთ საკუთარ ოჯახებში.

ვფიქრობთ, რომ საგანგებო მდგომარეობის დასრულებას მოჰყვება ისიც, რომ შევძლოთ ბაირამის შესრულება ჩვეულებრივად, თუმცა, თუკი იქნება ეპიდემიის გავრცელების საფრთხე და საშიშროება, ვიმოქმედებთ შესაბამისად,”- განაცხადა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს დასავლეთ საქართველოს მუფთიმ ადამ შანთაძემ.