2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა.
დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივი ინფლაციის მიზნობრივ 3 პროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება
განაპირობებს, რაც მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგია. ამავდროულად, მსოფლიოში სურსათის ფასების კლების
ტენდენცია მეტწილად გრძელდება. ეს კი საგარეო შოკების ეტაპობრივ მილევასთან ერთად, ინფლაციის დაბალ დონეზე
შენარჩუნებას უწყობს ხელს.
2023 წლის ბოლოს ინფლაციის ერთერთ მთავარ რისკად წითელ ზღვაში არსებული დაძაბულობის გამო
საერთაშორისო ტრანსპორტირების გაძვირება გამოიკვეთა. დაძაბულობა ამ რეგიონში კვლავ ნარჩუნდება, თუმცა
ზამთრის საწყისი მკვეთრი ზრდის შემდეგ, ტრანსპორტირების ფასები ზომიერად შემცირდა. აქედან გამომდინარე, ამ
მხრივ, ინფლაციაზე მოქმედი შესაძლო რისკებიც შედარებით შემცირებულია.

მარტში, თებერვალთან შედარებით, სამომხმარებლო კალათის ღირებულება 0.01%-ით გაიზარდა. ყველაზე მეტად
გაიაფდა ანტიბიოტიკები და შოკოლადის ფილა, რამაც მთლიანობაში თვის ინფლაცია 0.3 პროცენტული პუნქტით (პპ)
შეამცირა. ამის საპირისპიროდ, ვაშლის გაძვირებამ თვის ინფლაცია 0.1 პპ-ით გაზარდა.
წლიურ ჭრილში აღსანიშნავია სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების 3.4%-ით გაიაფება, რამაც ინფლაცია 1.2
პპ-ით შეამცირა. სურსათიდან გამოსარჩევია მზესუმზირის ზეთის, პურისა და კარტოფილის ფასების კლება, რამაც
მარტში ინფლაცია ჯამურად 1.2 პპ-ით შეამცირა. მეორე მხრივ, ძროხის ხორცის, საბანკო მომსახურებისა და ბენზინის
გაძვირებამ ინფლაცია 1.3 პპ-ით გაზარდა.
საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის,
ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, მცირედით მოიკლო და 2.3% შეადგინა. საბაზო ინფლაციის
ზრდაზე, უმეტესწილად, საბანკო მომსახურების გაძვირებამ იმოქმედა, კლებაზე კი – ანტიბიოტიკების გაიაფებამ.

 

 

მარტში ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ინფლაცია, წინა თვესთან შედარებით, მცირედით (0.2 პპ-ით)
გაიზარდა და 2.6% შეადგინა. შერეული წარმოების კატეგორიის პროდუქტების ინფლაციის კლება კვლავ გრძელდება.
გარკვეული სურსათისა და ელექტროენერგიის ტარიფის წლიურმა გაიაფებამ შერეულად წარმოებული პროდუქტების
3.9%-იანი დეფლაცია გამოიწვია. იმპორტირებული პროდუქტების ფასები, თითქმის ერთწლიანი დეფლაციის შემდეგ,
თებერვლის ტენდენციას მიჰყვება და მარტში წლიურად 1.6%-ით გაიზარდა. ამის მიზეზი, პირველ რიგში, საწვავის
ფასების წლიური ზრდა და საბაზო ეფექტია.

ადგილობრივ ინფლაციაში დიდი წვლილი შედარებით მაღალ მომსახურების ინფლაციას (5.4%) აქვს. მომსახურების
წვლილი ადგილობრივ ინფლაციაში 2.8 პპ-ია. თავის მხრივ, მომსახურების ინფლაციაში მაღალი წვლილი ჰქონდა
საბანკო მომსახურების გაძვირებას (1.5 პპ); გასულ წელს უცხოელთა რაოდენობის მკვეთრი მატების შედეგად გაზრდილი
ბინის დაქირავების ღირებულების ეფექტი ინფლაციაში ეტაპობრივად ამოიწურა და მისი წვლილი მომსახურების
ინფლაციაში -0.03 პპ-ია.