“საქართველოს რეგიონებში მუშახელის სერიოზული დეფიციტია. მაშინ, როცა სამუშაო ძალის დიდი ნაწილი, 100 ათასამდე ადამიანი მზადაა, გერმანიაში სამუშაოდ გაიქცეს, სამშობლოში მუშაობის სურვილი მოქალაქეებს თითქმის აღარ აქვთ. ამ დროს არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ მოქალაქეებმა თვეში, საშუალოდ, 1200 ლარი გამოიმუშავონ. მიუხედავად ამისა, ბევრი ადამიანი ამ შესაძლებლობაზე უარს ამბობს და ცდილობს დატოვოს ქვეყანა. ასეთ დროს, არ არის გამორიცხული, მათი ადგილი სხვა ქვეყნების მოქალაქეებმა დაიკავონ, რომლებიც მზად იქნებიან, ნებისმიერი გასამრჯელოს ფასად იმუშაონ საქართველოში. მომავალში ამგვარი საფრთხე საკმაოდ მაღალია. როგორც აღმოჩნდა, არის სოფლები, სადაც მუშახელის ლოდინს, მოსახლეობის სიმცირის გამო, შეიძლება რამდენიმე კვირაც დასჭირდეს. ზოგ შემთხვევაში, ადგილი შეიძლება მჭიდროდ დასახლებულია, მაგრამ ხალხი სამეურნეო სამუშაოს შესრულებას გაურბის. დაქირავებული მუშის მინიმალური ანაზღაურება 30 ლარია, მაქსიმალური კი – 50 ლარი”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დღეში 40-50 ლარად ხალხს სოფელში მუშაობა აღარ უნდა / მალე დადგება დრო, როცა ადგილობრივების ინერტულობის გამო, უცხოელების ჩამოყვანა გახდება აუცილებელი.

“შრომაზე უარს ამბობენ ისინიც, რომლებიც წინა წლებში რეგიონებში დადიოდნენ სხვადასხვა სამუშაოზე და ამით ირჩენდნენ თავს. თერჯოლის მკვიდრი ვახო ქავთარაძე ამბობს, რომ სამეგრელოს სოფლებში გლეხებს მოსავლის აღებაში ეხმარებოდა და მიღებული ჯამაგირი მისი ოჯახის ძირითადი შემოსავალი იყო. ამჟამად მას საკუთარი სოფლიდან გასვლა სამუშაოს შოვნის მიზნით არ უწევს, რადგან ფიქრობს, რომ გაწეული შრომა ანაზღაურებას არ შეესაბამება. “შეიძლება, მთელი დღე იმუშაო და 25 ლარზე მეტი ვერ მიიღო. თუმცა სამეგრელოში მუშაობა უფრო სარფიანია, სეზონზე შეიძლება თხილის პლანტაციებსა და სიმინდის ყანებში დასაქმდე. მთავარია, მოსავალი იყოს. შარშან ფაროსანას გამო სამუშაოდ ვერ წავედი, მაგრამ წინა წლებში სისტემატურად ჩავდიოდი. ახლა მირჩევნია, სახლს მივხედო ან სადმე ახლო-მახლო სოფელში ვიმუშაო, თუკი საქმე გამომიჩნდება. სახლ-კარს თვეობით ვშორდები და ვერ ვიღებ იმდენს, რომ ოჯახი ყველანაირად დავაკმაყოფილო”, – თქვა იმერელმა გლეხმა. გურიის რეგიონში ამბობენ, რომ მუშახელზე მოთხოვნა არის, მაგრამ ასეთი ადამიანის შოვნა სოფლებში თითქმის შეუძლებელია. ოზურგეთში, სოფელ შრომის მცხოვრებ დავით ბოლქვაძის თქმით, ახალგაზრდების უმრავლესობა სეზონურ სამუშაოებზე თურქეთში გარბის და ადგილზე სერიოზული დეფიციტია”, – აღნიშნავს გამოცემა.

“ძალიან ცოტაა ისეთი, ვისაც ფულს გადაუხდი და დამხმარედ დაიქირავებ, ხალხი არ დარჩა სოფელში. თითო დღის შრომის საფასური საშუალოდ 35-50 ლარია, მაგრამ ამ ფასადაც ჭირს მუშის შოვნა. ხალხი სოფლებიდან გაიქცა. ვისაც შესაძლებლობა აქვს, ევროპაში წავიდა სამუშაოდ, უმეტესობა კი თურქეთში სეზონურ სამუშაოებზე დადის. არაფერია ისეთი, რამაც შეიძლება ადამიანი ოჯახში დააკავოს. სოფელი შრომისუნარიან ახალგაზრდებს კარგავს”, – უთხრა “რეზონანსს” გურულმა გლეხმა. გაცილებით მძიმე ვითარებაა მთის რეგიონებში, რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები გივი მდივნიშვილის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, ოჯახს მუშახელი ქუთაისიდან ჩაჰყავს”, – განაგრძობს გამოცემა.

“სოფელი გორისუბანი იმდენად ცარიელია, რომ ზოგჯერ ხმის გამცემიც კი შეიძლება ვერ იპოვო. მთელ სოფელში 5 ოჯახია დარჩენილი, სადაც მხოლოდ მოხუცები ცხოვრობენ. სახლის შეკეთება გადავწყვიტე, ხელობა თვითონაც მეხერხება, მაგრამ საქმეს დამოუკიდებლად ვერ აუვიდოდი, ამიტომ იძულებული გავხდი, ხალხი ქუთაისიდან ჩამომეყვანა. ხან ტყიბულელ მუშებს ვქირაობთ და საოჯახო საქმეებს ასე ვუძღვებით. დღიური შრომის საფასური 30-50 ლარის ფარგლებშია, გაწეული შრომის მიხედვით, ცოტა არ არის, მაგრამ შრომა არავის უნდა. მთის კანონი შემოვიდა და ეს კარგი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ აქ დაბრუნებული არავინ მინახავს”, – აღნიშნა გივი მდივნიშვილმა. მიუხედავად იმისა, რომ კახეთში, სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, სეზონური დასაქმების მეტი შესაძლებლობაა, როგორც ადგილობრივებმა განაცხადეს, მუშახელის სიმცირე აქაც შესამჩნევია. ხალხი კახეთში ძირითადად სხვა რეგიონებიდან ჩადის, განსაკუთრებით, დასავლეთიდან. წინანდალელი ოთარ ბერძენიშვილის ინფორმაციით, სხვადასხვა ტიპის სამუშაოს შესასრულებლად სამუშაო ძალა ადგილზე არასაკმარისია”, – დასძენს გამოცემა.

“2 წლის წინ ვენახში მომუშავეებს 40 ლარს ვუხდიდი, შარშან მეტიც შევთავაზე, მაგრამ ხალხი ვერ ვიპოვე. კახეთის შემთხვევაში სეზონური დასაქმების პრობლემა იმან გამოიწვია, რომ ხალხმა ქარხნებს მიაშურა. ამდენად, ყველა, ვინც დღიურ მუშახელად ითვლებოდა და დადიოდა ვენახებში, ქარხნებშია დასაქმებული. ახლა რა ფასიც არ უნდა შესთავაზო, ვერავის დაიქირავებ. ამიტომ ბოლო წლებში ხალხი სხვა რეგიონებიდან ჩამოგვყავს, ყველაზე მეტად სამეგრელოდან და იმერეთიდან, სხვადასხვა სეზონზე არიან დასაქმებულები და ნორმალურ გასამრჯელოსაც იღებენ, მინიმუმ 50 ლარს დღეში”, – აღნიშნა ბერძენიშვილმა. სპეციალისტები სოფლის მეურნეობის განვითარების დამაბრკოლებელ მთავარ მიზეზად ადამიანური რესურსების სიმცირეს ასახელებენ. როგორც აგროექსპერტი პაატა აროშიძემ “რეზონანსთან” აღნიშნავა, გარდა იმისა, რომ კონტინგენტის სიმცირეა, არსებობენ პროფესიები, რომლის მცოდნე კადრი საქართველოში საერთოდ არ იძებნება. სადაც მუშახელი მეტ-ნაკლებად არის, იქაც კი კვალიფიკაციის დიდი პრობლემაა”, – წერს სტატიის ავტორი.

“შარშან ადამიანები ფიქრობდნენ, რომ გადარჩენა იყო სოფელში და გარბოდნენ, პროგრამებიც შემუშავდა, მაგრამ წელს ხალხი პანდემიურ სიტუაციას შეეგუა. სოფლად არ მიდიან იმის გამოც, რომ ურჩევნიათ, ქალაქად იცხოვრონ, ვიდრე იშრომონ, დახარჯონ ენერგია და მიიღონ შემოსავალი. გერმანიაში თუ საქართველოში, აგრარულ სფეროში შრომა ყველგან რთულია. აქ კი სტიმულიც ნაკლებადაა, მით უმეტეს, თუ ადამიანი სოფელში არ ცხოვრობს. კვალიფიკაცია კი დასაქმების ერთ-ერთი დიდი პრობლემაა. სასწავლებლების უმეტესობა 2 ან 3-წლიანი პროგრამით ამზადებს სპეციალისტებს და ამით ადამიანი აკადემიურ ცოდნას ვერ იღებს. ცხადია, ეს არ ამცირებს პროფესიული კოლეჯების როლს და სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ პარალელურად ეს მიმართულებაც განვითარდეს. სასურველია, რომ სწორედ სოფლად ცხოვრებასთან დაკავშირებული პროფესიები ფინანსდებოდეს. ამ თვალსაზრისით, მეცხოველეობას დიდი პერსპექტივა აქვს და ამ სფეროში დასაქმების შესაძლებლობაც მეტია. სამწუხაროდ, ამას არავინ ითვალისწინებს და ყველა ოჯახი ცდილობს ისეთი განათლება მისცეს შვილს, რომელიც ქალაქში დამკვიდრების შესაძლებლობას გაუჩენს”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა აროშიძე.

“ამასობაში სოფლის როლი კნინდება და დოვლათი არ იქმნება. ასე თუ გაგრძელდა, ცხადია, სამუშაო ძალა ქვეყნის ფარგლებს გარედან შემოვა და ეს პროცესი ნამდვილად არ იქნება სახარბიელო”, – დაასკვნის ექსპერტი. რაც შეეხება თურქეთში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მსურველებს, ცხადია, იქ დიდი მოთხოვნაა იაფ მუშახელზე, მაგრამ პანდემიის დროს მოწვევის მიღება უკვე მთავარი დაბრკოლებაა. ეს გახდა მიზეზი, რომ 2020 წელს, საბუთების უქონლობის გამო, დასაქმების მსურველი ყოველი 10-დან 8 ადამიანი ქვეყნიდან ვეღარ გავიდა”, – დასძენს სტატიის ავტორი.

 

 

 

interpressnews.ge