CNN: რუსული გემი უკრაინული მარცვლეულით სირიის პორტში იმყოფება. მარცვლეული შეიძლება გადაეცეს სხვა გემს ლატაკიაში, რათა დაფარონ  მისი წარმოშობა.

 

რუსული გემი არ მიიღეს ეგვიპტისა და ლიბანის პორტებში და ახლა სირიის პორტ ლატაკიაშია. ამის შესახებ ამერიკული ტელეარხი CNN უკრაინის ხელისუფლებისა და გადამზიდავი კომპანიების წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

 

ჟურნალისტებმა ეს ხომალდი „მატროს პოზინიჩად“ დაასახელეს. 27 აპრილს გემი ყირიმის სანაპიროსთან მიამაგრეს და ტრანსპონდერი (გადამცემი – რედ.) გამორთული იყო. მეორე დღეს უკვე სევასტოპოლის პორტში ნახეს. მედიის ცნობით, Matros Pozynych არის ერთ-ერთი იმ სამი გემიდან, რომლებიც უკრაინაში მოპარული მარცვლეულის ტრანსპორტირებას ახდენენ.

 

კატერინა იარესკო, უკრაინული საიტის Peacemaker-ის SeaKrime პროექტის ჟურნალისტი, ამბობს, რომ პროექტმა შეამჩნია სევასტოპოლიდან მარცვლეულის ექსპორტის მკვეთრი ზრდა, დაახლოებით 100 000 ტონამდე მარტში და აპრილში.

 

CNN-ის მიერ გაანალიზებული სატელიტური სურათებისა და სათვალთვალო კამერების მონაცემების მიხედვით, გემმა Matros Pozynich-მა სევასტოპოლიდან ბოსფორი გადაკვეთა და ეგვიპტის ალექსანდრიის პორტისკენ გაემართა. უკრაინელი ოფიციალური პირების თქმით, იგი დატვირთული იყო თითქმის 30 000 ტონა უკრაინული ხორბლით.

 

 

თამო თავხელიძე