საქართველოს პროკურატურის განცხადებით, სოფელ არაგვისპირთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც არასრულწლოვნის გარდაცვალება გამოიწვია, პოლიციის თანამშრომელი დააკავეს.

„გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 26 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ვ.ფ. მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით სტეფანწმინდის მიმართულებით მოძრაობდა. სოფელ არაგვისპირთან ვ.ფ. შეეჯახა ქვეითად მოსიარულე, არასრულწლოვან ლ.ზ.-ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.“ – აცხადებს პროკურატურა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით და  ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

პროკურატურის განცხადებაში დასახელებული მუხლი გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას, ხოლო მე-7 ნაწილი: “იგივე ქმედება, ჩადენილი ალკოჰოლის ან ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე”.

წყარო