ალექსი ნონიაძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის გამოწვევები – ნაწილი II

აგროსისტემის არსებული მდგომარეობა, რესურსები და გამოყენების მაჩვენებლები.

ეკონომიკსის ნებისმიერ სახელმძღვანელოში შეხვდებით თეზას, რომ საერთაშორისო ვაჭრობა სახელმწიფოებისთვის მომგებიანია. ბაზრის უხილავი ხელი ფასისა და მოთხოვნა-მიწოდების საბაზრო ბერკეტების დახმარებით მილიარდობით მომხმარებელსა და მწარმოებელს შორის ეფექტურად ანაწილებს შეზღუდულ რესურსებს. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ხშირად მომხმარებელს შორის მთლიანი სახელმწიფოებიც და მათი ეკონომიკებიც ხვდება. სახელმწიფოები ურთიერთ ვაჭრობენ იმისთვის, რომ საერთაშორისო ბაზარზე გაყიდონ საკუთარი და იყიდონ მათთვის საჭირო პროდუქცია. შედარებითი უპირატესობის თეორიიდან გამომდინარე სახელმწიფოსთვის ეკონომიკურად მომგენია მხოლოდ იმ პროდუქციის წარმოება, რომლის შექმნაც ნაკლები ალტერნატიული დანახარჯებით არის შესაძლებელი. ამიტომ ექსპორტისა და იმპორტის ნაკადებს არეგულირებს საბაზრო მექანიზმები. მაგრამ არის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ქვეყნების ხელისუფალნი, საკუთარი გადაწყვეტილების მიღებისას სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე ხელმძღვანელობენ. ასეთ გამონაკლის შემთხვევას წარმოადგენს სასურსათო უსაფრთხოება. ქვეყნის სურსათით თვითუზრუნველყოფის საჭიროებაზე ჩვენს წინა სტატიაში გვქონდა საუბარი, ამიტომ აქ ამაზე ვრცლად აღარ გავჩერდებით.
როცა ვსაუბრობთ სურსათის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის სისტემის (სეუუს) სრულყოფილ ფუნქციონირებაზე, საჭიროა ეფექტური და მოქნილი ბალანსი დავიცვათ ორ ალტერნატივას: ეკონომიკურ ფაქტორებსა და სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს შორის. სახელმწიფო ხშირ შემთხვევაში შეგნებულად მიდის დამატებით ალტერნატიულ დანახარჯებზე იმისთვის, რომ მცირე ხარჯებით უფრო დიდი დანახარჯები აირიდოს თავიდან. მცირე დანახარჯებში იგულისხმება მოსახლეობის ზოგიერთი საკვები პროდუქტებით თვითუზრუნველყოფა (რომლის წარმოებაც ეკონომიკურად არარენტაბელურია), ხოლო დიდ დანახარჯებში სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობა, მოსახლეობის ჯამრთელობა, ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოება და სხვა მნიშვნელოვანი ასპექტები მოიაზრება.
საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელია სასურსათო ბაზრის მაღალი იმპორტდამოკიდებულების ადგილობრივი წარმოების საკვები პროდუქტებით მაქსიმალურად შემცირება. ამ ამოცანის შესასრულებლად საჭიროა პირველ რიგში შევისწავლოდ რა რესურსები გააჩნია ადგილობრივ აგროსისტემას, რამდენად ეფექტურად ვიყენებთ მას და შემდგომ დავსახოთ სტრატეგია, რომელიც ამოცანის შესრულებაში დაგვეხმარება.
საქსტატის მონაცემებით 2019 წელს საქართველოში სურსათის იმპორტმა 977 მლნ.$-ს, ხოლო ექსპორტმა 244.8 მლნ.$ შეადგინა. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი -732.2 მლნ $-ია. რაც იმაზე მიუთითებს, რომ სურსათის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის სისტემა დეფიციტური და არათვითკმარია. სურსათის იმპორტი მშპ-ს მთლიანი მოცულობის 5.52 %-ს შედაგენს. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, თუ გავითვალისწინებთ, რომ სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში 7.2%-ს აღწვეს. სურსათის იმპორტის ექსპორტით დაფარვის კოეფიციენტი 0.25 შეადგენს. რაც იმაზე მიუთითებს, რომ იმპორტი ექსპორტთან შედარებით 4-ჯერ მეტია. ყველაზე დიდი კონტრიბუცია იმპორტირებულ საქონელში ხორბალსა და პურის ფქვილს ეკუთვნის (ჯამში -109.9 მლნ.$), მერე მოდის ხილი (66.1 მლნ.$) და ფრინველის ხორცი (65.2 მლნ. $). ექსპორტის დიდი ნაწილს მინერალური წყალი (133.6 მლნ. $) და ღვინო (222.9 მლნ. $) შეადგენს.
საქართველოში აგრარული სექტორი, რომელმაც უნდა შექმნას პროდუქცია კრიტიკულ მდგომარეობაშია. 2012 – 2019 წლებში სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში 9.1 %-დან 7.2%-მდე შემცირდა (ცხრ. N1). საქართველოს მთლიანი ტერიტორიის დაახლოებით 43.4 % (ანუ 3 მილიონ ჰექტარზე ოდნავ მეტი) ითვლება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებად, რომლებიც ასევე მოიცავს საძოვრებს და მდელოებს. დანარჩენი ფართობის 43% დაფარულია ტყის საფარით. 802 ათასი ჰა. სასოფლო სამეურნეო სავარგულებიდან დამუშავებულია მხოლოდ 206.6 ათასი ჰა. და ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად მცირდება (ცხრ. N2).
რაც შეეხება სამუშაო ძალას, 2019 წლის მონაცემებით სოფლის 1,539.1 ათასი მაცხოვრებლებიდან 55.7 ათასი ადამიანი უმუშევარია, ხოლო 647.9 ათასი ადამიანი თვითდასაქმებული. მათი საშუალო თვიური შემოსავალი 69.1 ლარს შეადგენს. ეს თანხა მიზერულია და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმს სამჯერ ჩამოუვარდება. ჯამში სოფლად მცხოვრები 703.6 ათასი ადამიანი მუდმივად სამუშაოს ძიებაშია. მეორე მაჩვენებელი, რომელიც ასევე თავისუფლად დაიმედების საფუძველს არ გვაძლევს არის ის, რომ 2018 წლის მონაცემებით სასოფლო სამეურნეო პროდუქციის გაყიდვით მიღებული საშუალო თვიური შემოსავალი შინამეურნეობაზე ასევე დაბალია და 57.4 ლარს შეადგენს (ცხრ. N3). შედეგად ვღებულობთ, რომ სოფლად მცხოვრები მოსახლეობა ღარიბდება. სოფელი იცლება და სამუშაოს ძიებაში ყოველწლიურად საშუალოდ 12-15 ათასი ადამიანი ტოვებს მას (ცხრ. N4).
ცხრილი N1. მთლიანი შიდა პროდუქტის სტრუქტურა (%)

ცხრილი N2. საშემოდგომო და საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობები (ათასი ჰა.)

ცხრილი N3. სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების რეალიზაციიდან მიღებული საშუალო თვიური შემოსავალი.

ცხრილი N4. სოფლის მოსახლეობის რიცხოვნობა წლის დასაწყისისთვის.

საქსტატის მონაცემებით სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების წილი სამომხმარებლო კალათაში 31.3 %-ია. მცირეშემოსავლიანი ოჯახებისთვის ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია (60%). საქართველოში შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს მოსახლეობა სურსათსა და საკვებ პროდუქტებზე ხარჯავს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოში ფიქსირდება სურსათის ფასების დონის ზრდის ტენდენცია სხვა სამომხმარებლო საქონელის ფასების დონესთან შედარებით. თუ ჩავშლით რეგიონალურ ჭრილში, სურსათზე, სასმელზე, თამბაქოს ნაწარმზე ყველაზე მაღალი დანახარჯები თბილისს გაჩნია. 2018 წლის მონაცემებით მოსახლეობის საშუალო თვიური ხარჯები, გაანგარიშებული ერთ სულზე, თბილისში 89.6 ლარს შეადგენს, მაშინ როცა კახეთის რეგიონში 72.9 ლარია. რაც იმაზე მიანიშნებს, რომ თბილისთან შედარებით რეგიონებს სურსათით თვითუზრუნველყოფა უფრო მეტად შეუძლია.
სამომხმარებლო კალათაში სურსათიდან შედის ისეთი პროდუქტები, როგორც არის:
პური და პურპროდუქტები, ბურღულეული, ხილი, ბოსტნეული, სხვა მცენარეული წარმოშობის პროდუქტები;
ხორცი, თევზეული, კვერცხი, რძე, კარაქი, ყველი, სხვა ცხოველური წარმოშობის პროდუქტები;
ცხიმები და ზეთები.
კვების მზა პროდუქტები და უალკოჰოლო სასმელები.
შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი თვეში 206.1 ლარს შეადგენს. საკვები რაციონი, რომლის მიხედვითაც შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი გამოიანგარიშება, დღეში 2300 კილოკალორიას მოიცავს. ეს ცხრილი ასე გამოიყურება:
პური – თვეში 7.5 კილოგრამი (დღეში 250 გრამი);
ლობიო – თვეში 600 გრამი;
ბრინჯი – თვეში 300 გრამი;
მაკარონი – თვეში 450 გრამი;
ღორის ხორცი – თვეში 300 გრამი;
ქათმის ხორცი – თვეში 600 გრამი;
ძეხვი – თვეში 300 გრამი;
კარტოფილი – თვეში 4.5 კილოგრამი;
კომბოსტო – თვეში 1.2 კილოგრამი;
მაწონი – თვეში 750 გრამი და სხვა.
გავაანალიზოთ ჩვენს მიერ მოხმარებული კვების პროდუქტებიდან რა შემოგვაქვს იმპორტით და რა რესურსები გაგვაჩნია ადგილზე მათ საწარმოებლად. საქსტატის 2019 წლის მონაცემებით ქვეყანაში იმპორტით 75.396 მლნ. $-ის ღირებულების ცოცხალი ცხოველები და ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, 161.701 მლნ.$-ის – მცენარეული წარმოშობის პროდუქტები, 10.662 მლნ. $-ის – ცხიმები და ზეთები, 647.609 მლნ. $-ის – კვების მზა პროდუქტები, სასმელები და თამბაქო შემოვიდა.
სასურსათო კალათაში ყველაზე პრიორიტეტული საკვები პროდუქტი ხორბლის პურია. ყოველწლიურად საშუალოდ 105.1 მლნ.$ ღირებულების იმპორტირებულულ ხორბალს მოვიხმართ. ქვეყნისთვის საჭირო რაოდენობის ხორბლის მხოლოდ 15% ვაწარმოებთ ადგილზე, ხოლო დანარჩენი 85% (492.8 ათასი ტონა) იმპორტირებულია (2019 წ.). ხორბლის ბაზარი ნაკლებად დივერსიფიცირებულია და კონცენტრაციის მაღალი ხარისხი გაგვაჩნია. ძირითადი იმპორტიორი ქვეყანა რუსეთი (88%) და ყაზახეთია (10%). ხოლო აშშ-დან ბოლო ათი წლის განმავლობაში 2019 წელს პირველად შემოვიდა და ისიც მცირე რაოდენობით. სასურსათო მოხმარებისთვის ხორბალს წლიურად 642 ათას ტონას ვიყენებთ (ერთ ადამიანზე – 130 კგ.), დანარჩენი გამოიყენება ცხოველების გამოსაკვებად, სათესლედ და მარაგების შესაქმნელად (2018წ.). ხორბალი, პურის ფქვილის სახითაც შემოდის იმპორტით, წლიურად 16.9 ათასი ტონის ოდენობით (2019წ.). რაც შეეხება ექსპორტირებას, ქართული ხორბალი მცირე ოდენობით (3.4 ათასი ტონა) გადის აზერბაიჯანსა და სომხეთში (2019წ.). ხორბლის იმპორტის ექსპორტით დაფარვის კოეფიციენტი 0.007 შეადგენს.
საქართველოში ხორბლის ნათესი ფართობები 43.6 ათასი ჰექტარია. ძირითადი რეგიონები სადაც ხორბალი მოჰყავთ ეს არის კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო და შიდა ქართლი. მისი საშუალო მოსავლიანობა დაბალია და ჰექტარზე საშუალოდ 2.3 ტონას შეადგენს. მაშინ, როცა იგივე ხორბლის მსხივილ იმპორტიორ ქვეყნებში ჰექტარზე მოსავლიანობა 12 ტონამდე ადის. იმისათვის, რომ საქართველო სრულად დაიკმაყოფილოს შიდა მოხმარება, ხორბლით ნათესი მიწის ფართობი 214 ათასი ჰექტარით უნდა გაიზარდოს (ცხრ. N5;6;7).
ქერი – ეს იშვიათი გამონაკლისია, როცა პროდუქციის სავაჭრო ბალანსი დადებითია. ქერის იმპორტი 0.266 მლნ.$-ით, ხოლო ექსპორტი 1.14 მლნ.$-ით განისაზღვრება (2019 წ.). ქერის საშემოდგომო და საგაზაფხულო ნათესები 27.3 ათას ჰა-ს შეადგენს. მწარმოებელი რეგიონებიდან ლიდერობს კახეთი (13.8 ათასი ჰა.), ქვემო ქართლი (2.0 ათასი ჰა.), სამცხე-ჯავახეთი (6.1 ათასი ჰა.) და შიდა ქართლი (4.9 ათასი ჰა.) (ცხრ. N 7).
სიმინდი – მიუხედავად იმისა, რომ ერთწლიანი კულტურების ნათეს ფართობში ყველაზე დიდი წილი სიმინდს უკავია (74.9 ათასი ჰა.), მისმა იმპორტმა 18.462 მლნ.$, ხოლო ექსპორტმა 1.08 მლნ.$ შეადგინა (2019 წ.). სიმინდის ადგილობრივი წარმოება 194 ათასი ტონაა, ხოლო თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი 71%-ს შეადგენს. სასურსათო მოხმარებისთვის – 130 ათას ტონას, პირუტყვის გამოსაკვებად – 123 ათას ტონას სიმინდს ვიყენებთ (2018 წ.).
საქართველოში სიმინდის მწარმოებელი რეგიონებიდან ლიდერობს იმერეთი (20.0 ათასი ჰა.), კახეთი (13 ათასი ჰა.), ქვემო ქართლი (6.1 ათასი ჰა.), შიდა ქართლი (2.9 ათასი ჰა.) (ცხრ. N 6;7).
კარტოფილი – იმპორტის რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება. 2019 წლის მონაცემებით საქართველოში 2.4 მლნ.$ ღირებულის 12.6 ათასი ტონა კარტოფილი შემოვიდა. 2018 წელს ადგილზე წარმოებული 238 ათასი და იმპორტირებული 24 ათასი ტონა კარტოფილიდან საკვებად გამოყენებული იქნა 162 ათასი ტონა. კარტოფილის ძირითადი მწარმოებელი რეგიონებია საქართველოში სამცხე-ჯავახეთი, აჭარა, ქვემო ქართლი. კარტოფილის ნათესი ფართობები ჯამში შეადგენს 18.9 ათას ჰექტარს. ყველაზე მაღალი მოსავლიანობით სამცხე-ჯავახეთი გამოირჩევა – 16.4 ტ/ჰა-ზე. კარტოფილის თვითუზრუნველყოფის მაღალი კოეფიციენტის (102) მიუხედავად ქართულ ბაზარზე მაინც ხვდება იმპორტირებული საქონელი. ეს განპირობებულია ძირითადად იმით, რომ ადგილობრივ ბაზარზე თურქული ახალი კარტოფილი უფრო ადრე შემოდის ვიდრე ქართული. ასევე აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტორიც, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქართულ ბაზარზე გაყიდვაში არსებული კარტოფილის ხარისხი საკმაოდ დაბალია და სპეციალისტების განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს (ცხრ. N 5;6;7).
ბოსტნეული – საქართველოში ბოსტნეულის ბაზარი დაბალი თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტითა (59%) და იმპორტზე მაღალი დამოკიდებულებით ხასიათდება. რაც იმას ნიშნავს, რომ ბოსტნეულის 41% იმპორტირებულია. და ეს იმ პირობებში, როდესაც საქართველოში ბოსტნეულის მოყვანის საშუალო წარმადობა ჰექტარზე 10.1 ტონაა. ბოსტნეულის იმპორტიორი ქვეყნებია საქართველოში – თურქეთი, ირანი, აზერბაიჯანი. 2019 წლის მონაცემებით იმპორტირებული ბოსტნეულის მოცულობამ 105.7 ათასი ტონა შეადგინა, რაც 38.6 მლნ.$-ის ღირებულებისაა. ქართული ექსპორტირებული ბოსტნეულის ბაზრებია: რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი. ჯამში ექსპორტით გატანილი ბოსტნეულმა 15.1 ათასი ტონა შეადგინა, რაც 11.5 მლნ.$ ღირებულებისაა (2019წ.). ბოსტნეულის იმპორტის ექსპორტით დაფარვის კოეფიციენტი 0.11 შეადგენს.
ბოსტნეულის ადგილობრივი წარმოება 142 ათას ტონას არ აღემატება. საქართველოს რეგიონებს შორის ყველაზე მსხვილი მწარმოებლი ქვემო ქართლი (2.3 ათასი ჰა.), შიდა ქართლი (3.4 ათასი ჰა.) და კახეთია (2.4 ათასი ჰა.). ერთ ჰექტარზე წარმადობის მხრივ ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ამავე რეგიონებს გააჩნიათ. მაგალითად, ქვემო ქართლს – 16 ტონა, შიდა ქართლს – 10.9 ტონა, კახეთს – 5.1 ტონა. 12.3 ათასი ჰა. ბოსტნეული ფართობებიდან ყველაზე მეტი ადგილი უკავია პომიდორისა (3.8 ათასი ჰა.) და კიტრის (1.4 ათასი ჰა.) ნათესებს (2018წ.). იმისათვის, რომ ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნა დავაკმაყოფილოდ საჭიროა დამატებით საშუალოდ 10.4 ათასი ჰა. სასოფლო სამეურნეო სავარგულები დამუშავდეს (ცხრ. N 5;6;7).
ხილი – 100.3 ათასი ტონა იმპორტირებულ ხილს მოვიხმართ, რომელიც 66.1 მლნ.$ ღირებულებისაა (2019წ.). მთავარი იმპორტიორი ქვეყნებია თურქეთი (44%), ეკვადორი (28%) და აზერბაიჯანია (7%). საქართველოს ციტრუსის, ვაშლის და ატმისა და ვაშლატამას შემთხვევაში ექსპორტი იმპორტს აჭარბებს. 2019 წლის მდგომარეობით, ქართული ხილის მთავარი იმპორტიორი ქვეყნები რუსეთი (48%), სომხეთი (25%) და უკრაინაა (9%). ჯამში ექსპორტით 58.2 ათასი ტონა პროდუქცია იქნა გატანილი, რომლის ღირებულებამაც 100.2 მლნ.$ შეადგინა. ყველაზე დიდი წილი ექსპორტში კაკალს ეკუთვნის (66,696 მლნ.$). შემდგომ მოდის ვაშლი, მსხალი და კომში (4.816 მლნ.$), ასევე გარგარი, ალუბალი და ბალი, ატამი, ქლიავი, ღოღნოშო (12,935 მლნ.$).
2006-2019 წლების მონაცემებით ადგილობრივი წარმოება შემცირდა თესლოვანი ხილზე (ვაშლი, მსხალი, კომში) – 4.3 ათასი ტონით, კურკოვანი ხილზე (ქლიავი, ბალი, ატამი, ალუჩა, გარგარი) – 9.1 ათასი ტონით, სუბტროპიკულ ხილზე (კივი, ფეიხუა, კარალიოკი, ლეღვი) – 0.8 ათასი ტონით. ხოლო გაიზარდა კაკლოვან ხილზე (კაკალი, თხილი) – 4.4 ათასი ტონით, კენკროვან ხილზე (მარწყვი, ხენდრო, ჟოლო) – 1.4 ათასი ტონით, ყურძენზე (თეთრი, შავი) – 133.1 ათასი ტონით, ციტრუსზე (მანდარინი, ფორთოხალი, ლიმონი) – 12.2 ათასი ტონით.
ხეხილის ბაღები საქართველოში განთავსებულია 74.8 ათას ჰა. ფართობზე, კენკროვანები – 1.0 ათას ჰა-ზე, ვენახები – 36.1 ათას ჰა-ზე და ციტრუსის პლანტაციები – 8.9 ათას ჰა-ზე (2017 წ.).
საქართველოს ხილის ბაზარი მაღალი იმპორტდამოკიდებულებით ხასიათდება. ტროპიკული ხილის ბანანი, ქოქოსის კაკალი, ფინიკი, ავოკადო და ა.შ. სხვა პროდუქტით ჩანაცვლება შეუძლებელია, რადგან კონკრეტულ შემთხვევაში ბაზარი მონოპოლიურია. მაგრამ ადგილობრივი ბაზრის ისეთი ხილით თვითუზრუნველყოფა, რომელიც ადვილად ეგუება საქართველოს ჰავას, მაგალითად ლეღვი, ღოღნოშო, ალუჩა და სხვა ადვილად შესაძლებელია (ცხრ. N 5;6;7).
ბაღჩეული კულტურები – 2018 წლის მონაცემებით ბაღჩეული კულტურების ნათესებმა 3.1 ათას ჰა. შეადგინა. რეგიონებს შორის ლიდერობს კახეთი (2.1 ათასი ჰა) – მოსავლიანობა 29 ტ/ჰა. შემდგომ მოდის იმერეთი (0.7 ათასი ჰა) – მოსავლიანობა 18.3 ტ/ჰა, ქვემო ქართლი (0.2 ათასი ჰა.) – მოსავლიანობა 16.4 ტ/ჰა. ადგილობრივი წარმოება მოთხოვნას სრულად აკმაყოფილებს და მხოლოდ მცირე ნაწილი გადის ექსპორტად ( 9 ათასი ტონა) (ცხრ. N 6;7).
ბრინჯი – საქართველოს ბრინჯის ბაზარი მაღალი იმპორტდამოკიდებულებით გამოირჩევა. 2019 წლის მონაცემებით ქვეყანაში შემოტანილი იქნა 6.8 მლნ.$ ღირებულების 12.3 ათასი ტონა ბრინჯი. საქართველოში ბრინჯის მოყვანა შესაძლებელია ინდუსტრიალური წესით და ევროპული (მშრალი) მეთოდით. აბაშის მუნიციპალიტეტის გამოცდილებით თუ ვიმსჯელებთ მოსავლიანობა ჰექტარზე 8 ტონას შეადგენს ( ცხრ. N 5).
შაქარი – საქართველოში ძალიან მცირე რაოდენობით იწარმოება. მოხმარებული შაქრის დიდი ნაწილი იმპორტირებულია (128.6 ათასი ტონა). შაქრის ძირითადი იმპორტიორი ქვეყანებია: პოლონეთი – 32%, აზერბაიჯანი – 16% და რუსეთი – 15%. მხოლოდ 0.715 ათასი ტონა შაქარი გადის ექსპორტით ჩინეთსა და აზერბაიჯანში. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი შაქარზე 50.4 მლნ.$ შეადგენს (ცხრ. N 5).
ხორცი – წლიური მოხმარება 157.7 ათას ტონა შეადგენს (2018 წ.). აქედან 72.6 ათასი ტონა ადგილობრივი წარმოებისა და 82.7 ათასი ტონა იმპორტირებულია. ხორცის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი 52%-ია. ეს მაჩვენებელი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე – 77%-ია, ღორის ხორცზე – 45%-ია, ცხვრისა და თხის ხორცზე – 294%-ია, ფრინველის ხორცზე – 34%-ია. ძირითადი იმპორტიორი ქვეყნებია: ბრაზილია, უკრაინა და თურქეთი. აქედან გაყინული ხორცის დიდი ნაწილი ბრაზილიიდან შემოდის, ხოლო უკრაინა და თურქეთი უფრო ახალი ხორცით ვაჭრობაში სპეციალიზირდება. იმპორტირებული ხორციდან ყველაზე დიდი სეგმენტი ფრინველის ხორცს უკავია, რომელიც გაყინული სახით ბრაზილიიდან შემოდის. მოხმარებული ქათმის ხორცის მხოლოდ 1/3 არის ადგილობრივი წარმოების. ეს მაშინ, როდესაც კვერცხის შიდა ბაზარი სრულად ათვისებული აქვს ქართველ მწარმოებლებს და მხოლოდ 1%-ია იმპორტირებული საქონელი. ქართული ხორცი ექსპორტით გადის ირანში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. ჯამში ესპორტირებული ხორცი 16.7 ათას ტონას შეადგენს (2018 წ.).
ხორცის ბაზარზე მაღალი იპორტდამოკიდებულება შედეგია უარყოფითი დინამიკისა, რომელიც ბოლო 13 წლის განმავლობაში პირუტყვის სულადაობასა და წარმოებული ხორცის ოდენობაზე აისახება. 2006-2019 წწ. პერიოდში ხორცის წარმოება 15.7 ათასი ტონით შემცირდა. სულადობრივი შემცირება განსაკუთრებით განიცადა მსხვილფეხა რქოსანმა პირუტყვმა (-216.2 ათასი სული), ღორმა (-201.8 ათასი სული), ცხვარმა და თხამ (-48.4 ათასი სული). რასაც ვერ ვიტყვით ფრინველზე, რომელიც დინამიკაში ზრდადია (+3679.1 ათასი ფრთა), მაგრამ როგორც ვხედავთ არასაკმარისია ფრინველის ხორცის ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
ხორცის მაღალი წარმადობით გამოირჩევა ქვემო ქართლის (20.9 ათასი ტონა), იმერეთის (11.5 ათასი ტონა), კახეთის (11.4 ათასი ტონა), სამეგრელო – ზემო სვანეთის (8.6 ათასი ტონა) რეგიონი (ცხრ. N 5;6).
რძე და რძის პროდუქტები – მაღალი თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტის (81%) მიუხედავად ადგილობრივ ბაზარზე იმპორტირებული რძისა და რძის პროდუქტების მოხმარება საკმაოდ მაღალია და 34.6 ათას ტონას შეადგენს (2019წ.). აღნიშნული ბაზარი კარგად დივერსიფირებულია. იმპორტირებული საქონელი შემოდის უკრაინიდან, საფრანგეთიდან, ირანიდან და რუსეთიდან. საქართველოში რძის წარმოების სეზონურობის გამო იმპორტირებულ რძის ფხვინლზე მოთხოვნა (7.5 ათასი ტონა) საკმაოდ მაღალია. გადამამუშავებელი საწარმოები ძირითადად მოიხმარენ უკრაინული წარმოების რძის ფხვნილს. ამიტომ ამ სეგმენტში მომუშავე საწარმოების დიდი ნაწილის პროდუქციის ფასები მოწყვლადია და დამოკიდებულია იმპორტირებული ნედლეულის ფასებზე. 2019 წლის მონაცემებით 29.643 მლნ.$-ის რძე და ნაღები, 6.7 მლნ.$-ის დო, იოგურტი და კეფირი, 1.145 მლნ.$-ის რძის შრატი, 22.8 მლნ.$-ის კარაქი, 12.115 მლნ.$-ის ღირებულების ხაჭო და ყველი იქნა ქვეყანაში იმპორტით შემოტანილი. რაც შეეხება რძისა და რძის პროდუქტების რესურსების გამოყენებას: სასურსათო მოხმარებამ – 663 ათასი ტონა, პირუტყვის საკვებად გამოყენებამ – 12 ათასი ტონა, დანაკარგებმა – 8 ათასი ტონა, რეზერვებმა წლის ბოლოს – 17 ათასი ტონა შეადგინა (2018 წ.).
14 წლის განმავლობაში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობრივი შემცირების გამო 59.2 მლნ. ლიტრით შემცირდა რძის წარმოებაც. რძის მაღალი წარმადობით გამოირჩევა იმერეთის (117.7 მლნ. ლიტრი), ქვემო ქართლის (110.6 მლნ. ლიტრი), სამცხე-ჯავახეთის (75.6 მლნ. ლიტრი), სამეგრელო – ზემო სვანეთის (72.3 მლნ. ლიტრი) რეგიონი. ყველაზე მაღალი წველადობის ფურკამეჩით გამოირჩევა ქვემო ქართლის რეგიონი – წელიწადში 1736 ლიტრი. მას მოჰყვება სამცხე – ჯავახეთი 1600 ლიტრი, გურია – 1572 ლიტრი, შიდა ქართლი – 1537 ლიტრი. საქართველოსთვის საშუალო მაჩვენებელი – 1486 ლიტრია (ცხრ. N 5;6).
კვერცხი – წლიური მოხმარება 678 მლნ. ცალს შეადგენს. აქედან 635 მლნ. ცალი ქართული წარმოებისაა, ხოლო 11 მლნ. ცალი იმპორტირებული. რაც იმაზე მეტყველებს, რომ თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი 99%-ია. 37 მლნ. ცალი კვერცხი საინკუბაციოდ გამოიყენება, სასურსათო მოხმარებისთვის 590 მლნ. ცალი, ხოლო დანარჩენი წლის ბოლოს მარაგებისათვის არის განკუთვნილი. დანაკარგები საკმაოდ მაღალია და 13 მლნ. ერთეულს შეადგენს (2018წ.). 2019 წლის მონაცემებით 1.203 მლნ.$-ის ღირებულების კვერცხი იქნა საქართველოდან ექსპორტირებული.
რეგიონების მხრივ კვერცხის წარმადობის მხრივ გამოირჩევა ქვემო ქართლი (248.4 მლნ. ცალი), კახეთი (131.2 მლნ. ცალი) და თბილისი (89.6 მლნ. ცალი) (ცხრ. N 5;6;7).
მცენარეული ზეთი – საქართველოს მცენარეული ზეთის ბაზარი ძლიერ არის დამოკიდებული იმპორტირებულ საქონელზე, რომელიც შემოდის რუსეთიდან (81%), აზერბაიჯანიდან (6%) და უკრაინიდან (5%). როგორც ვხედავთ მცენარეული ზეთის ბაზარი არადივერსიფიცირებულია და მაღალი კონცენტრაციის ხარისხით ხასიათდება. 2019 წლის მონაცემებით 42.4 მლნ.$-ის ღირებულების მცენარეული ზეთი იქნა საქართველოში იპორტით ჩემოტანილი, რომელიც 48 ათას ტონა პროდუქციას შეადგენდა. საქართველოს ექსპორტის წილი მსოფლიო ბაზარზე ძალიან მიზერულია და სულ რაღაც 0.25 ათას ტონას შეადგენს. ქართული ზეთის ექსპორტირება ხდება -აზერბაიჯანში, საფრანგეთსა და სომხეთში (ცხრ. 5).
თევზი – 2019 წლის მონაცემების მიხედვით საქართველოში იმპორტირებული თევზის (კონსერვის ჩათვლით) რაოდენობამ 18.7 ათასი ტონა შეადგინა, რომელიც 40.9 მლნ.$-ის ღირებულებისაა. ექსპორტმა 2.920 მლნ. $ შეადგინა.
თევზის წარმოებაში ლიდერობს შიდა ქართლის (719.7 ათასი ტონა), კახეთის (661.1 ათასი ტონა) და სამეგრელო-ზემო სვანეთის (311 ათასი ტონა) რეგიონი (ცხრ. N 5).
ანალიზმა გვაჩვენა, რომ საქართველოს საკვები პროდუქტების ბაზარი გამოირჩევა მაღალი იმპორტდამოკიდებულებით, დაბალი დივერსიფიკაციით და ასორტიმენტის ნაკლებობით, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს სურსათით თვითუზრუნველყოფას. მიზეზი ამ ყველაფრის საქართველოს სოფლის მეურნეობის დაბალი მწარმოებლურობა არის. ყოველწლიურად მცირდება ერთწლიანი და მრავლწლიანი კულტურების მოსავალი. კლებადია შინაური პირუტყვის ნამატიც. თუ შევადარებთ დღევანდელი აგროსისტემის მდგომარეობას 1990 წლის მონაცემებს დავინახავთ, რომ 4-ჯერ შემცირდა სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში, 3.5-ჯერ შემცირდა ნათესი ფართობები, 434.2 ათასი სულით შემცირდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი და სხვა.
თვითუზრუნველყოფის დაბალი კოეფიციენტი და ბაზრის დაბალი დივერსიფიკაცია გაგვაჩნია ისეთ პროდუქტებზე, როგორც არის ხორბალი, ბოსტნეული, შაქარი, ბრინჯი, მცენარეული ზეთი, ღორისა და ქათმის ხორცი. რაც შეეხება სიმინდს, კარტოფილს, რძესა და რძის პროდუქტებს, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცს, თევზს და ხილს, მიუხედავათ თვითუზრუნველყოფის შედარებით მაღალი მაჩვენებლებისა ქართული ბაზრები მაინც მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებული იმპორტირებულ საქონელზე. უფრო უკეთესი მდგომარეობა გვაქვს ქერის, ბაღჩეული კულტურების, ცხვრის/თხის ხორცის, კვერცხის, მინერალური წყლების, უალკოჰოლო სასმელების, ლუდისა და ღვინის წარმოების კუთხით. საკუთარ მოთხოვნასაც სრულად ვაკმაყოფილებთ და ექსპორტითაც გაგვაქვს.

ცხრილი N 5. სურსათის სავაჭრო ბალანსი, საქართველო (2019 წ.)

ცხრილი N 6. სურსათის ბალანსი, საქართველო (2018 წ.)

ცხრილი N 7. ერთწლიანი კულტურების ნათესი ფართობები, საქართველო (2018 წ.)

პუბლიკაციაში გამოყენებული მასალები:
https://www.geostat.ge
https://mepa.gov.ge
http://www.arda.gov.ge
http://nfa.gov.ge/ge/