“ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და ჩვენ, ძალიან დიდი ალბათობით აღმოვჩნდებით იმ ქვეყნების სიაში, ვისთანაც პირველივე ჯერზე ევროკავშირი გახსნის მიმოსვლას. ეს ჯერჯერობით პროექტია, ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ უახლოეს საათებში ეს საბოლოო დოკუმენტად იქცევა. ეს ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის დამსახურებაა. ჩვენ მთელი ამ დღეების მანძილზე მივმართავდით მთელ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა, რამაც შედეგი გამოიღო. თუკი ჩვენ სიაში აღმოვჩნდებით, ეს არამარტო იმის გამოა, რომ ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორები ვართ, არამედ იმის გამო, რომ საქართველო ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო ქვეყანაა. ჩვენ ამ მონაპოვარს უნდა გავუფრთხილდეთ. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რეგულარული ფრენები კიდევ ერთი თვით გადავწიოთ, მაგრამ ჩვენს ხელთ არის ჩარტერული ფრენების ბერკეტი. ჩარტერული ფრენები აქამდეც არ შეწყვეტილა, ახლა “აირზენამაც” გამოაქვეყნა, რომ სულ მცირე სამი მიმართულებით: ვენა, ამსტერდამი, ისრაელი იქნება ფრენები. ეს კომერციული ფრენებია, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ერთადერთი არ იქნება. პრემიერ-მინისტრმაც ბრძანა, რომ სხვა ავიაკომპანიასთანაც გვექნება ჩარტერზე მოლაპარაკება. პირველი და მთავარი არის, რომ ეს პროცესი არ მივუშვათ თვითდინებაზე. არავინ მოიწონებს საზოგადოებაში, რომ ეს პროცესი თვითდინებაზე მივუშვათ და ის მონაპოვარი დავთმოთ, რასაც ნიშნავს ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოება. აღნიშნულის გათვალისწინებით, ეს ჩვენს მიერ კონტროლირებადი და კარგად მართული პროცესი იქნება. ფრენის შესაძლებლობა იქნება, მაგრამ კონკრეტული მიმართულებით, შეთანხმებით, რაც უზრუნველყოფილი იქნება ეპიდემიოლოგიურად, ჯანდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით. ტრანსპორტირების პრობლემა არ იქნება, მაგრამ ეს არ იქნება სტიქიური პროცესი. ჩვენ ვიბრძოდით იმისთვის, რომ ვყოფილიყავით ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული უსაფრთხო ქვეყნების სიაში. ეს არის სწორედ იმის შედეგი, რომ ჩვენ ეფექტიანად ვმართეთ კოვიდ ინფექცია, ეს გამოწვევა და დღეს უსაფრთხო დანიშნულების ადგილი ვართ, რასაც აქამდეც ვამბობდით. ჩვენ ველოდებოდით ევროკავშირის გადაწყვეტილებას და ეს მათთვის მარტივი გადაწყვეტილება არ არის. გარანტია არც ერთ ქვეყანას არ ჰქონდა, ვინც ამ სიაში მოხვდა, დიდი ალბათობა იყო, რომ საქართველო სიაში მოხვდებოდა სწორედ იმის გამო, რომ ერთ-ერთი ყველაზე კეთილსაიმედო ჯანდაცვითი ვითარებაა. საუბარია რეგულარული ფრენების გადადებაზე, რაც ნიშნავს რეგულარულ ფრენა? როდესაც მასობრივი ფრენაა, რაც აქამდეც იყო და სახელმწიფოს ამის კონტროლის ბერკეტი დიდად არ გააჩნია. ჩარტერული ფრენები მაინც საჭიროებს წინასწარ შეთანხმებას და ჩვენ შეგვიძლია მიმართვიდან და ადამიანთა რაოდენობიდან გამომდინარე, რაც უნდა ჩამოვიდეს, უზრუნველვყოთ შესაბამისი ღონისძიების გატარება. იქნება ეს კარანტინი, ტესტირება თუ რომელიმე სხვა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს პროცესი ვმართოთ, სტიქიურად არ მივუშვათ, გადავდოთ რეგულარული ფრენები, მაგრამ შევინარჩუნოთ ჩარტერული ფრენები კიდევ უფრო მეტი მიმართულებით, ვიდრე ეს აქამდე იყო” , -აცხადებს თურნავა.