კორონავირუსმა მსოფლიო და, მათ შორის, ავიაბაზარიც შეცვალა. სავარაუდოდ, იაფი ფრენა წარსულს ჩაბარდა და ახალ რეალობაში ავიაინდუსტრია ისეთი ვეღარასოდეს იქნება, როგორიც აქამდე იყო. ბილეთის ფასს, ყველაზე მეტად, ფიზიკური დისტანცირების აუცილებლობა გააძვირებს, რის გამოც თვითმფრინავის ბორტზე ყველა ადგილის შევსება ვეღარ მოხდება. 

ბიუჯეტური მგზავრობები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსათვისაც ხელმისაწვდომი გახდა, სავარაუდოდ, რამდენიმე წლით დასრულდება. ავიაბაზრის ამერიკული გამოცემა პანდემიის დასრულებისა და ქვეყნებს შორის მიმოსვლის აღდგენის  შემდგომ სატრანსპორტო კომპანიების სრულიად ახალი მოდელის შესახებ რეპორტაჟს აქვეყნებს. ფრენის განახლების შემდეგ თვითმფრინავში ჩასასხდომად მგზავრებს შესაძლოა, მრავალსაათიანი პროცედურების გავლა მოუხდეთ.

ბოლო პერიოდში ექსპერტები პროგნოზირებენ იმ შესაძლო ცვლილებებზე, რომლებიც, საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ, მგზავრებს ელოდებათ. ექსპერტთა ნაწილი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ, მგზავრებს აეროპორტში შესაძლოა, 4-საათიანი ლოდინიც კი მოუხდეთ, რათა, საბოლოო ჯამში, საჰაერო ხომალდზე მოხვდნენ. აეროპორტში საჭირო იქნება ისეთი პროცედურების გავლა, რომლებიც აქამდე სავალდებულო არ იყო და, თავის მხრივ, დამატებით დროს საჭიროებს. საუბარია თერმოსკრინინგზე, ზოგიერთ შემთხევაში – მგზავრის ტესტირებაზე და ა.შ. გარკვეულ დროს წაიღებს ასევე სოციალური დისტანციის დაცვა და ასევე თვითმფრინავში მგზავრების ჩასხდომის შეცვლილი პროცედურები.

სავარაუდოდ, ახლო მომავალში ფრენებისთვის თვითმფრინავის სალონში, სამადგილიან რიგებში, გადანაწილება ისე შეიცვლება, რომ დისტანცირება მგზავრებს შორის  შუა ადგილების დაცარიელებით იქნას მიღებული. ასეთი სურათი ავიახაზებისთვის ფულის გამომუშავებას შეუძლებელს გახდის. საერთაშორისო საჰაერო გადაადგილების ასოციაციის ხელმძღვანელის, ალექსანდ დე ჟუნიაკის თქმით, ავიაკომპანიებს მგზავრობის გაძვირება მოუწევთ.

„ამ პირობებში  არ არსებობს ავიაკომპანია, რომელიც შეძლებს, იფრინოს და თან მოგება მიიღოს ბიზნესიდან. ორი გამოსავალია – ან არ უნდა ვიფრინოთ, ან უნდა გავზარდოთ ბილეთების ფასი  50-დან 100 პროცენტამდე. ეს არის ბიუჯეტური მოგზაურობის დასასრული ყველასთვის“, – განაცხადა დე ჟუნიაკმა.

“მგზავრებს შორის ბარიერის ფუნქციას დასაჯდომი ადგილების სპეციალური ფარებით გამოყოფა შეასრულებს. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ავიაინდუსტრია ისეთი აღარასდროს იქნება, როგორიც აქამდე იყო”, – ნათქვამია რეპორტაჟში.

მოლოდინში, რომელიც მსოფლიო მედიაში აქტიურად იქმნება, არ არის ასახული ნავთობის ფასი,რომელიც ისტორიულ მინიმუმზეა და, შესაბამისად, ნაწილობრივ მაინც უნდა აბალანსებდეს ფასს.

მსოფლიო მედიაში გამოთქმული ვარაუდებისაგან განსხვავებულია “ჰაბ ჯორჯიის“ დამფუძნებლის, გიორგი კოდუას ვარაუდი. მისი აზრით, ფიზიკური დისტანცირება თვითმფირნავებში ვერ მოხდება, რადგან ეს კოლოსალურად გააძვირებს ბილეთის ფასს და აზრს დაუკარგავს მას.

,,უხლოეს ორ დღეში მექნება მსოფლიო ავიაციის ექსპაერტებთან ერთად ჩართვა და განხილვა პოსტპანდემიურ ვითარებასთან დაკავშირებით, რომელსაც “ეარბასი” აწყობს და ამის მერე უფრო დეტალურად შემეძლება საუბარი. ამ ეტაპზე შემიძლია, მხოლოდ პირად მოლოდინსა და ანალიზზე ვისაუბრო.

არ მგონია, სიმართლეს შეესაბამებოდეს ის, რომ შესაძლებელია მგზავრების სოციალური დისტანცირებით ბორტზე განთავსება. ეს, უბრალოდ, არარეალურია და ნიშნავს, რომ “ვიაიპი” თვითმფრინავით უნდა იფრინოს ყველა ადამიანმა. ამ შემთხვევაში იმდენად გაძვირდება და არარეალური იქნება ბილეთის ფასი, რომ აზრი დაეკარგება ფრენას.  უფრო ახლოს ლოგიკასთან არის სცენარი, რომ მოხდეს ნიღბებით, ფარებითა და სხვა ამგვარი აღჭურვილობით მგზავრობა. ასევე ჩემი რეკომენდაცია იქნება, დამატებითი ბორტგამცილებელი უსაფრთხოების განხრით.

ავიაინდუსტრია იმით არის ცნობილი, რომ იქ მუდმივად იცვლება სტანდარტები და ცვალებადობის რეჟიმს ყოველთვის უძლებს.  შეზღუდვები შესაძლოა, რაღაც დოზით აისახოს ბილეთის ღირებულებაში, მაგრამ საწვავის ფასი იმდენად დაბალია ახლა, რომ ეს შესაძლოა, გადაბალანსდეს. ამას ხელს შეუწყობს ავიაციის სფეროს დემონოპოლიზაცია. თუ ვინმე ასე დიდი მარჟით გაზრდის ფასს, უბრალოდ, კონკურენციას ვერ გაუძლებს. ეს ,,ღია ომია“ და რთულია გარიგებაც.

ყველაფერს აქვს მეორე მხარეც. დღეს კორონავირუსის დადებითი ეფექტი ავიაციაზე არის ის, რომ ავიაკომპანიები, რომლებიც იყო უთანასწორო ბრძოლაში შესული, გათანაბრდა და როცა ახალი სიცოცხლე დაიწყება ავიაციისათვის, პრინციპში, ყველა ერთ პირობებში იქნება.

გვაქვს რაღაც ინფორმაციები და სტატისტიკა, რასაც ვაანალიზებთ. მასზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მგზავრთნაკადი იქნება დიდი, შეკუმშული ზამბარის ეფექტით. ტყუილი მოლოდინი მგონია, რომ ხალხი აღარ იმოგზაურებს ან ტურიზმი შეჩერდება. ალბათ, ერთი-ორი წელი დასჭირდება იმ ნიშნულამდე მისვლას, სადაც ავიაცია იყო პანდემიამდე, მაგრამ მაინც ბევრ მგზავრს უნდა ელოდოს აეროპორტები“, – განუცხადა ,,რეზონანსს“ კოდუამ.

“ჰაბ ჯორჯიის“ დამფუძნებლის მოლოდინით, საქართველო, ინფიცირებულთა დაბალი მაჩვენებლის გამო, ტურისტებისთვის სასურველი მიმართულება იქნება 2020 წელს, ავიამიმოსვლა კი აქტიურად აგვისტოდან აღდგება.