კახა ბენდუქიძე (დ. 20 აპრილი, 1956, თბილისი — გ. 13 ნოემბერი, 2014, ლონდონი) — ქართველი სახელმწიფო მოღვაწე და ბიზნესმენი, საქველმოქმედო ორგანიზაცია ცოდნის ფონდის დამფუძნებელი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გახლდათ.

განათლებით ბიოლოგმა, კახა ბენდუქიძემ მისი პირველი ბიზნესი, „ბიოპროცესი“ დააარსა 1987 წელს. მალევე ის ცნობილი გახდა, როგორც რუსეთის წამყვანი ლიბერტარიანელი. რუსეთში საქმიანობისას ის აქტიურად მუშაობდა ინდუსტრიალისტთა კავშირის გადასახადებისა და სავალუტო ჯგუფში. ჯგუფის მუშაობის მიზანი იყო რუსეთის საგადასახადო კანონმდებლობის შეცვლა და ფიქსირებული 13 პროცენტიანი საშემოსავლო განაკვეთის შემოღება. რუსეთის ხელისუფლებაში ვლადიმირ პუტინის მოსვლისა და მიხაილ ხოდორკოვსკის დაკავების შემდეგ ბენდუქიძემ რუსეთის დატოვება გადაწყვიტა.

ვარდების რევოლუციის შემდეგ  საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას შუამდგომლობით   კახა ბენდუქიძე ეკონომიკის მინისტრად დანიშნა. საქართველოში კახა ბენდუქიძე მსახურობდა საქართველოს ეკონომიკის მინისტრად (2004 წლის ივნის-დეკემბერი), რეფორმების კოორდინაციის მინისტრად (2004 წლის დეკემბერი – 2008 წლის იანვარი) და საქართველოს მთავრობის კანცელარიის ხელმძღვანელად (2008 წლის თებერვლიდან 2009 წლის თებერვლამდე).

ეკონომიკის მინისტრად ბენდუქიძის დანიშნვამ 2004-2007 წლებში გამოიწვია საქართველოს ეკონომიკის ყოველწლიური ზრდა 9.3%-ით. გასულ წლებთან შედარებით გაოთხმაგდა უცხოური ინვესტიციები, სახელმწიფომ ოთხჯერ შეამცირა საგადასახადო წნეხი, ხოლო სავალდებულო ლიცენზიების რაოდენობა 90%-ით შეამცირა და მოახდინა შრომის ბაზრის ლიბერალიზაცია, რის შედეგადაც სახელმწიფომ მიიღო მანამდე თითქმის არ არსებული საშუალო კლასი.