ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული ახალციხეში მომხდარ შემთხვევას ეხმაურება, რა დროსაც 27 წლის ექთანს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური რეაქცია განუვითარდა.

გურული განმარტავს, რომ ანაფილაქსიური შოკი ყველა სახის ვაქცინის შესაძლო, იშვიათი გვერდითი ეფექტია და მისი განვითარება ვაქცინის უხარისხობას არ ნიშნავს.

მისივე თქმით, “მომხდარის შესახებ ნიშნის მოგებით საუბარი უზნეობაა, რადგან მსგავსი გვერდითი ეფექტის თავიდან აცილება მასიური ვაქცინაციების დროს შეუძლებელია”.

1. ანაფილაქსიური შოკი არის აბსოლუტურად ყველა სახის ვაქცინის შესაძლო, იშვიათი გვერდითი ეფექტი და მისი განვითარება არ ნიშნავს ვაქცინის უხარისხობას.

2. ანაფილაქსიური შოკის სტანდარტული მკურნალობის მთავარ კომპონენტს წარმოადგენს ადრენალინი.

3. არსებობს ასევე იშვიათი შემთხვევები, როდესაც ანაფილაქსიური რეაქცია არ ემორჩილება ადრენალინით მკურნალობას.

მაშინ მართვითი სუნთქვა და სხვა მედიკამენტებია საჭირო, მათ შორის სტეროიდები.

4. გართულებული და ადრენალინის მიმართ რეზისტენტული ანაფილაქსიური რეაქცია რთული სამართავია, მაგრამ აბსოლუტურად უმეტეს შემთხვევაში დადებითად სრულდება და არ ახლავს ფატალური შედეგი.

5. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველ რეანიმატოლოგთა გამოცდილი გუნდი წარმატებით გაუმკლავდება ამ გამოწვევას.

6. წარმოუდგენელი უზნეობაა ( სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებისაგან კი არაპროფესიონალიზმი ) ამ სამწუხარო შემთხვევის შესახებ ნიშნის მოგებით საუბარი, რადგან ასეთი იშვიათი გვერდითი ეფექტის თავიდან აცილება პრაქტიკულად შეუძლებელია მასიური ვაქცინაციების დროს.

7. სრული მხარდაჭერა და საუკეთესო სურვილები პაციენტსა და მის ოჯახს“, – წერს გურული Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

ცნობისთვის, ახალციხეში, კლინიკა იმედში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გამოდიყვანა. ექთნის მდგომარეობა მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, ექთნის მკურნალობის ტაქტიკაზე ექიმთა კონსილიუმი იმსჯელებს. მანვე აღნიშნა, რომ ფაქტს გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტი შეისწავლის.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს, რამ გამოიწვია მდგომარეობის დამძიმება, თუმცა ამბობს, რომ სავარაუდოდ, მიზეზი ანაფილაქსიური (ალერგიული) რეაქცია გახდა, რაც, ზოგადად ვაქცინების შემთხვევაში, საშუალოდ, მილიონიდან ერთ შემთხვევაში ფიქსირდება.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ახალციხეში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.