„კონგრესის მთავარი წევრები გრძნობენ, რომ როდესაც მათ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ უარყოფითი მოქმედებების შესახებ გააკეთეს ერთგვარი მუქარა, როდესაც სანქციებზე დაიწყეს საუბარი, მერე, მთავრობამ საარჩევნო რეფორმის კანონი ძალიან სწრაფად დაამტკიცა“, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ, მეთიუ ბრაიზამ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში, ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტის შესახებ, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 დოლარს მიიღებს, თუმცა ამ დახმარების 15 პროცენტის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს.

მისი თქმით, საქართველო ვაშინგტონში ისევ საკმაოდ პოპულარულია, მაგრამ საუბარი ქვეყანაზეა და არა – ცალკეულ პირებზე.

„არაა ისე, თითქოს აშშ-ს მთავრობაში ხალხს საქართველოს ოპოზიცია მოსწონს, ან „ქართული ოცნება“ არ მოსწონს. თავად საქართველოა პოპულარული და აღიქმება, როგორც აშშ-ს მთავრობის მხარდაჭერის ღირსი. ეს პირველ რიგში, დემოკრატიზაციის განვითარებაში საქართველოს მიღწევების გამოა (თუმცა, რამდენიმე სერიოზული ნაკლოვანებით), და ასევე, ნატო-ს გეოსტრატეგიული მიზეზებიდან გამომდინარე. არის საქართველოს მხარდაჭერის აქტიც, რომელიც სხვათა შორის, ცირკულირებს კონგრესში, თუმცა რაც შეეხება ამ კანონპროექტს წარმომადგენელთა პალატაში, ეს საქართველოსთვის 132 025 000 დოლარის გადაცემას ითვალისწინებს, რაც კიდევ ერთი ნიშანია იმისა, თუ როგორი პოპულარული რჩება საქართველო ვაშინგტონში“, – აღნიშნა ბრაიზამ.

მან დაასახელა ის რამდენიმე ფაქტორი, რომელიც, მისი მოსაზრებით, შეიძლება, კანონპროექტში იმ დებულების ჩადების მიზეზები იყოს, რომელიც საქართველოსთვის დაფინანსებიდან 15%-ის გადაცემის შეჩერებას ითვალისწინებს.

„დიახ, არის დებულება, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს შეეძლოს, ამ თანხის 15%-მდე გადაცემა შეაჩეროს, სანამ სახელმწიფო მდივანი, პომპეო არ დაადგენს ან წარადგენს ანგარიშს იმის შესახებ, რომ საქართველო მართლაც აძლიერებს თავის დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ასევე, ნამდვილად ებრძვის კორუფციას, და, ეს მესამე ნაწილია, რომ საქართველო უზრუნველყოფს საერთაშორისო და შიდა კომპანიების ოპერირებას ქვეყანაში, გამჭვირვალედ და უსაფრთხოდ. ვფიქრობ, ეს დიდწილად, ანაკლიის პორტთან დაკავშირებული გამოცდილების შედეგადაა მოტივირებული – ამ პროექტის გაუქმებას ვაშინგტონი და კონგრესის ორივე პალატა – წარმომადგენელთა პალატა და სენატი უდიდესი ყურადღებით აკვირდებოდა. ასევე, ჩემი აზრით, ეს დებულება კიდევ იმიტომაა ჩადებული, რომ კონგრესის მთავარი წევრები გრძნობენ, რომ როდესაც მათ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ უარყოფითი მოქმედებების შესახებ გააკეთეს ერთგვარი მუქარა, როდესაც სანქციებზე დაიწყეს საუბარი, მერე, მთავრობამ საარჩევნო რეფორმის კანონი ძალიან სწრაფად დაამტკიცა, რაც დიდ წინგადადგმულ ნაბიჯადაა აღქმული. ასე რომ, ახლა საქართველო სწორედ საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობისა და იმის გამო, თუ როგორ გაუმკლავდა კოვიდს, ვაშინგტონის მხრიდან ძალიან პოზიტიურ შუქზეა დანახული. თუმცა, არსებობს შეშფოთება ანაკლიის პორტის პროექტის გაუქმებასთან დაკავშირებით, და ალბათ ისიც, თუ რას შეიძლება ეს ნიშნავდეს რუსეთის ზეგავლენის კონტექსტში; ასევე არის სხვა საქმეები, რამაც ვაშინგტონში „წარბების აწევა“ გამოიწვია.

მოკლედ რომ ვთქვათ, ვფიქრობ, დებულება, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს აძლევს უფლებას, შეაჩეროს საქართველოსთვის დაფინანსების 15%-ის გადაცემა, გაფრთხილებაა ქვეყნის მთავრობისთვის, მაგრამ ესეც საქართველოს მიერ წარმატების მიღწევის კონტექსტში, როგორც აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორისა და ნატო-ს მომავალი წევრის“, – აღნიშნა მეთიუ ბრაიზამ „ინტერპრესნიუსთან“.

შეგახსენებთ, 7 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ გამოაქვეყნა კანონპროექტი, რომელშიც საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის პირობებზეა საუბარი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა დახმარების 15%-ის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის, ქვეყანაში უცხოური ბიზნესის დაცის კუთხით.