ვირუსის პიკური პერიოდი იწყება პირველი შემთხვევის დადასტურებიდან მე-6, მე-7, მე-8 კვირას, ჩვენ მე-3 კვირა დავასრულეთ და შევდივართ პრე-კრიტიკულ ფაზაში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის პიკური პერიოდი მე-6, მე-7 კვირაში იწყება. მისივე თქმით, ჩვენ ახლა პრე-კრიტიკულ ფაზაში შევდივართ.

როგორც ამირან გამყრელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა, საჭიროა, მეტად გაძლიერდეს ყველა ის ღონისძიებები რასაც ქვეყანა ატარებს.

„ძირითადი პიკური პერიოდი იწყება ხოლმე, მე-6, მე-7, მე-8 კვირას პირველი შემთხვევის დადასტურებიდან. შესაბამისად, ჩვენთან პირველი შემთხვევიდან, კორონავირუსის დადასტურებიდან 3 კვირა გუშინწინ დამთავრდა. 26 თებერვალს დავადასტურეთ ჩვენ პირველი დადებითი შემთხვევა საქართველოში. ამიტომ, ჩვენ ახლა მე-3 კვირა დავამთავრეთ და ამიტომაც გუშინწინ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოზე მე გავაჟღერე ჩემი მოსაზრება, რომ ჩვენ შევდივართ გარკვეულად პრე-კრიტიკულ ფაზაში. ამიტომ, მეტად უნდა გაძლიერდეს ყველა ის ღონისძიება, რასაც დღეს ქვეყანა ატარებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხვევა ფიქსირდება; მათგან გამოჯანრთელებულია – 3 პირი. გამოჯანმრთელებული პაციენტები თვითიზოლაციას გადიან.ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.

2020-03-22T20:46:33+04:00მარტი 22nd, 2020|