ვემზადებით გამარჯვებისთვის, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებენ ჩვენი მოქალაქეები, იქნება უპირობოდ მისაღები , – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საღამოს ნიუსრუმი“ განაცხადა.

კითხვაზე, ჩართულია თუ არა განახლებული გუნდის დაკომპლექტებაში პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, თალაკვაძე ამბობს, რომ ივანიშვილი პარტიის შიგნით პოლიტიკურ პროცესებს აქტიურად უძღვება.

„მისი, როგორც ლიდერის მთავარი მიღწევა არის ის, რომ მან შექმნა ისეთი პოლიტიკური გუნდი და ჩამოაყალიბა მართვის ისეთი სისტემა, რომელიც რეალურად უმკლავდება გამოწვევებს, მუშაობს, ქმედითი და ეფექტიანია. დღეს ინსტიტუტები მუშაობენ, პრემიერ-მინისტრი შესანიშნავად უძღვება კოორდინაციას, პარლამენტს აქვს თავისი როლი და ფუნქციები. ეს არის მთავარი მიღწევა, რაც ამ 8 წლიანი მართვის პერიოდში „ქართულ ოცნებას“ აქვს. როგორც იქნა, ჩამოყალიბდა პოლიტიკური გუნდი და სახელმწიფოში მუშაობენ ინსტიტუტები. წინ გვაქვს ბევრი რეფორმა, სრულყოფილებისგან ჯერ შორსაა ჩვენი ქვეყნის მმართველობის სისტემა, მაგრამ ქვეყანა სწორ გზაზე დგას. პარტიის თავმჯდომარე აქტიურადაა ჩართული ამ პროცესებში და მონაწილეობს, უძღვება პარტიის შიგნით პოლიტიკურ პროცესს. ბუნებრივია, მომავალში, როდესაც წარვადგენთ ახალ გუნდს, წარვადგენთ პოლიტიკურ პროგრამასაც, რომლის შემუშავებაშიც და განხილვაშიც ჩართული არის პარტიის თავმჯდომარე გუნდის სხვა წევრებთან ერთად“,- განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, კარგად გამოჩნდა, რომ როდესაც იყო გამოწვევა, ქვეყანას უჭირდა და ხალხს გვერდით დგომა სჭირდებოდა, ბიძინა ივანიშვილმა თავისი გასაკეთებელი გააკეთა.

“დიდი დახმარება აღმოუჩინა კოვიდის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს, მან 100 მილიონიანი დონაცია გააკეთა. როდესაც საჭიროა კოორდინაცია, გუნდის პასუხი, პოლიტიკური პროცესის უზრუნველყოფა, ის იყო ჩართული და გამოჩნდა, რომ ჩვენ პასუხისმგებლობიანი გუნდი ვართ, პასუხისმგებლობით ვეკიდებით მომავალს. ვემზადებით გამარჯვებისთვის. რა გადაწყვეტილებასაც მიიღებენ ჩვენი მოქალაქეები ეს იქნება უპირობოდ მისაღები“,- განაცხადა თალაკვაძემ.