ევროპარლამენტის წევრმა, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს წერილით მიმართა.

კუბილიუსი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების შესრულება, როგორც მემორანდუმის, ისე სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული განცხადების ნაწილში.

“ყველაზე დიდი შეშფოთება ეხება “უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას”, რაც გრძელდება ოპოზიციის ლიდერების მიმართ არჩევნებამდე”, – წერს კუბილიუსი სოციალურ ქსელში და საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებისთვის გაგზავნილი წერილს აქვეყნებს.

წერილში ნათქვამია, საქართველოს მეგობრები მიესალმნენ არაჯანსაღი პოლიტიკური პოლარიზების შემცირებისკენ გადადგმულ ნაბიჯს 8 მარტის შეთანხმების სახით, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივი აქტორების მხრიდან მომავალი არჩევნებისა  და საქართელოს დემოკრატიის სიმწიფის თაობაზე ნდობის გაზრდის იმედს იძლეოდა.

“თუმცა შეთანხმების შესრულებაში პროგრესი კვლავ მისაღწევია, მათ შორის იმ ნაწილში, რომ “აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნას, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნას აცილებული”. 13 აპრილს ირაკლი ოქრუაშვილს 5 წლიანი პატიმრობა მიესაჯა, რაც მე უნდობლობის გარღმავების კიდევ ერთ ნიშნად აღვიქვი. სამწუხაროდ, გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის და გიორგი რურუას საქმეები არ ყოფილა სათანადოდ პასუხგაცემული და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს 8 მარტის შეთანხმებას”, – წერს კუბილიუსი.

ევროპალრამენტის წევრი ამბობს, რომ მიუხედავად კორონავირუსის გლობალური პანდემიით შექმნილი გამოწვევებისა, საქართველოს ხელისუფლებისგან 8 მარტის შეთანხმების იმპლემენტაციას ელის.

“ევროპელ პარტნიორებს სჭირდებათ ნათელი დადასტურება, რომ მიღწეულია პროგრესი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად. ვიმედოვნებ, საქართველოს მთავრობა და მმართველი პარტია, რომელსაც აკისრია უდიდესი პასუხისმგებლობა, მიღწეული შეთანხმების სულისკვეთების ერთგული დარჩება’’ – წერს კუბილიუსი.


ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ელჩების შუამავლებით გამართული დიალოგი 8 მარტს საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებით დასრულდა. მხარეებმა მიიღეს მემორანდუმი, რომლის თანახმადაც საქართველოს პარლამენტი პროპორციული წესით არჩეული 120 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატისგან შედგება.

საარჩევნო სისტემაზე მემორანდუმის გარდა, მხარეებმა მიიღეს ერთობლივი განცხადება მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვის მნიშნელობაზე.

“მიუხედავად განსხვავებული აზრისა, ყველანი ვთანხმდებით, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნას, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნას აცილებული. მივესალმებით პრეზიდენტის წინადადებას, მისი საკონსტიტუციო უფლებამოსილების ფარგლებში, თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის ხელშეწყობასთან დაკავშირებით”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

წყარო: ნეტგაზეთი