პატრიარქმა მრევლს ყოველთა წმინდანთა დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ყველა ოჯახში უნდა იყოს ხატი საქართველოს დიდება.

„ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, დღეს არის ყოველთა წმიდათა დღესასწაული. საქართველო მდიდარია წმინდანებით. საქართველო ეძებდა უცხოეთში სიმდიდრეს კი არა, ოქროსა და ვერცხლს კი არა, ეძებდა მადლსა. წმინდა სამება აძლევდა მადლსა და ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ მადლის ქვეყანაა, მადლი უხვად ეფინება საქართველოს.

როცა მე ვიყავი ბათუმში მოძღვარი მე ვნახე ჩვენებით ჩემი ძმა გარდაცვლილი და მე ვეკითხები მას: თეიმურაზ, ლოცულობ ჩემთვის? ვლოცულობო და მიჩვენა საქართველოს დიდებაზე. ეს ხალხიო, ეს ეზოო, ყველა ლოცულობს შენთვისო. ეს ძლიერი ხატია საქართველოს დიდება. ამიტომ ყოველ ოჯახში უნდა იყოს ეს ხატი. დიდ დახმარებას მიიღებთ თქვენ და საქართველო.

რა არის წმინდანი? -დღეს არის ყოველთა წმინდანთა დღესასწაული. წმინდანი, რომელიც არ არის კმაყოფილი დღით არსებული მდგომარეობით და წმინდანი ეს არის ის ადამიანი, რომელიც ცდილობს დღეს იყოს უკეთესი, ვიდრე ის იყო გუშინ. სულიერ კიბეზე ადის წმინდანი. მე გისურვებთ თქვენ ყველას, რომ ჩვენ ყველანი ავიდეთ სულიერ კიბეზე. მრავალი მაგალითი არის ჩვენს წინაშე. მაგალითად, წმინდა ნიკოლოზი, რომელიც ეხმარება არაქრისტიანებსაც, ყველას ეხმარება. წმინდა ნიკოლოზს უწოდებენ „სწრაფი დამხმარე“ და „სასწაულთმოქმედი“. მე პირადად არაერთხელ მიმიღია დახმარება წმინდა ნიკოლოზისა. წმინდა ნიკოლოზი, წმინდა გიორგი, წმინდა ნინო და ყოველნი წმინდანნი შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს“, – განაცხადა პატრიარქმა.