„პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება ისევე, როგორც „ქართული ოცნების“ სხვა წევრების, იყო სიცრუე, იყო უპასუხისმგებლო“, – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ნადირაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის დღევანდელ ბრიფინგს, რომლის მიხედვითაც, თალაკვაძე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტის მოლაპარაკებების ფასილიტატორ ელჩებს მოუწოდებს, საჯაროდ დაადასტურონ, რომ ხელისუფლებას არ აუღია პრეზიდენტისთვის, სასამართლოსა და პროკურატურისთვის მიმართვისა და გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას გათავისუფლების ვალდებულება.

მისივე განმარტებით, საკონსტიტუციო ცვლილებების პირველ მოსმენამდე პოლიტიკური პატიმრები უნდა იყვნენ გარეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიცია კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს.

„პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება ისევე, როგორც „ქართული ოცნების“ სხვა წევრების, იყო სიცრუე, იყო უპასუხისმგებლო, მან მოუწოდა ელჩებს, გაახმოვანონ მოლაპარაკების დეტალები. დიპლომატიურმა კორპუსმა, რომელიც მონაწილეობდა და უძღვებოდა ამ მოლაპარაკებებს, უკვე გამოხატა თავისი პოზიცია, როდესაც ოქრუაშვილს მიუსაჯეს. დიპლომატიურმა კორპუსმა, მათ შორის ევროკავშირის ელჩმა, ამერიკის საელჩომ გააკეთეს განცხადება, რომ ეს იყო შეთანხმების დარღვევა. შესაბამისად, მათი პოზიცია ძალიან ნათელია.

ჩვენ მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“ დაიცვას ბოლომდე ეს შეთანხმება, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები საკონსტიტუციო ცვლილებების პირველ მოსმენამდე. ეს იქნება სწორი, ეს შეუწყობს ხელს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას და ეს შეუწყობს ხელს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილმა არჩევნების გზით დატოვოს ხელისუფლება და გადავიდეს ოპოზიციაში.

თუ ეს არ იქნება იმ ფარგლებში, რა მოლაპარაკებაც იყო, არ იქნება საკონსტიტუციო ცვლილებების პირველ მოსმენამდე, ეს იქნება ივანიშვილის მხრიდან მორიგი ტყუილი, ადამიანების მორიგი გადაგდება და ამის გამო მათ დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ, მაგრამ მაინც წავლენ ხელისუფლებიდან.

ჩვენი პოზიცია არის ძალიან გაცხადებული ჩვენ მზად ვართ, რომ შეიცვალოს საარჩევნო სისტემა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ პირველ მოსმენამდე პოლიტიკური პატიმრები უნდა იყვნენ გარეთ. ამ შემთხვევაში ცხადია ოპოზიცია დაუჭერს მხარს ამ შეთანხმებას და მიიღებს კენჭისყრაში მონაწილეობას, ჩვენი ეს პოზიცია ისედაც გაცხადებული იყო“, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

 

წყარო