სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ შესაძლო თვალთვალის შესახებ ინფორმაციას უარყოფს, – ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გამოვეხმაუროთ მასმედიაში გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კუთვნილი ავტომობილების მეშვეობით, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ შესაძლო თვალთვალის განხორციელებასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, სამსახურის სახელით გვსურს თანავუგრძნოთ გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს და სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ აღნიშნულ ტრაგიკულ შემთხვევასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არანაირი შემხებლობა არ გააჩნია“ – აღნიშნულია გაცხადებაში.

სუს-ი განმარტავს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დეზინფორმაციის გავრცელება კონკრეტული, დაინტერესებული პირების ინტერესშია.

„მიზანმიმართულად გავრცელებულ ყველა არასწორ ვერსიას გააჩნია აღნიშნული სამსახურისა და მისი ღირსეული თანამშრომლების დისკრედიტაციის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანი. აღნიშნული ცრუ ვერსიების გავრცელების უკან კი დგანან პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა ჯგუფები და კონკრეტული მედია საშუალებები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ავტომობილების გადაადგილება აღნიშნულ მარშრუტზე ხორციელდება ყოველდღიურად, რაც უკავშირდება თანამშრომლების მიერ დაკისრებული მოვალეობების კეთილსინდისიერად და ღირსეულად შესრულებას. მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ ჯგუფს, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან და საზოგადოებაში არსებული ინტერესის გათვალისწინებით, დაელოდონ გამოძიების შედეგებს, რომელიც აუცილებლად მოჰფენს ნათელს საზოგადოებისთვის ყველა დღემდე უცნობ დეტალს. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ გარდაცვლილი ახალგაზრდას ოჯახს“ – აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. გოგო ნაცრისფერი ჰუნდაის მარკის მანქანით გადაადგილდებოდა.