სუდანი ქალის გენიტალების დასახიჩრებას საკანონმდებლო დონეზე კრძალავს. მინისტრთა საბჭომ მხარი დაუჭირა კანონს, რომლის თანახმადაც აღნიშნული პრაქტიკა 3-წლიანი პატიმრობით დაისჯება. ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებას აქტივისტები მიესალმებიან, თუმცა აღნიშნავენ, რომ პრაქტიკის აღსაკვეთად კიდევ ბევრია სამუშაო.

სუდანში ქალის გენიტალების დასახიჩრების პრაქტიკა ფართოდაა გავრცელებული. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თანახმად, სუდანელი ქალების 87%-ის მიმართ, 14-დან 49 წლამდე, აღნიშნული პრაქტიკა გამოუყენებიათ. როგორც BBC წერს, პროცესი დიდწილად “კულტურაში დამკვიდრებულ წარმოდგენებს ქალების რეპუტაციასთან და ქორწინების პერსპექტივებთან დაკავშირებით”.

წინდაცვეთის აკრძალვა გლობალურად სულ უფრო მეტ ქვეყანაში იკრძალება, თუმცა აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში, მიუხედავად გარკვეული საკანონმდებლო ჩარჩოების არსებობისა, ის მაინც გავრცელებულია.

პრაქტიკა აკრძალულია სუდანის ზოგიერთ რეგიონშიც და გასულ წლებში მისი სრულად კრიმინალიზების მცდელობებიც იყო, თუმცა გასულ წელს რევოლუციის შემდგომ გადაყენებული დიქტატორის, ომარ ალ-ბაშირის მმართველობის პირობებში, მცდელობების აღსრულება ვერ ხერხდებოდა. სამოქალაქო აქტივისტები მას არაერთგზის ადანაშაულებდნენ ქალების დისკრიმინაციაში. სუდანელი ქალები გასული წლის ფართომასშტაბიან პროტესტში აქტიურად მონაწილეობდნენ. რევოლუციის შემდგომ, სუდანში გაუქმდა კანონიც, რომელიც ქალებს მკაცრ ნორმებს უწესებდა საზოგადოებრივ სივრცეში ქცევასთან და ჩაცმასთან დაკავშირებით.

აქტივისტები გადაწყვეტილებას მიესალმებიან, თუმცა სახელმწიფოსაგან მეტ ქმედებას ელიან.

“კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი. ეს დასაწყისია. კარგი დასაწყისი”, – ციტირებს “გარდიანი” ფატმა ნაიბს, გაეროს ბავშვთა სააგენტოს კომუნიკაციების ოფიცერს სუდანში.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით (WHO), ქალის გენიტალიის დასახიჩრება ეწოდება პროცედურას, რომელიც იწვევს გენიტალიების დაზიანებას არასამედიცინო მიზნებით. პროცედურას ქალებისა და გოგონებისთვის არავითარი სამედიცინო სარგებელი არ აქვს. WHO-ის ინფორმაციით, პროცედურამ შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი სისხლდენა და შარდვასთან დაკავშირებული პრობლემები. ასევე, ამ პროცედურას შესაძლოა თან ახლდეს უფრო სერიოზული გართულებები მომავალში.

პროცედურას ძირითადად უტარებენ 15 წლამდე ასაკის გოგონებს. WHO-ის ცნობით, მსოფლიოს მასშტაბით დღეისათვის მცხოვრებ 200 მილიონამდე ქალსა და გოგონას აქვს გენიტალიები დასახიჩრებული. მსგავსი პრაქტიკარამდენიმე წლის წინ საქართველოშიც გამოვლინდა, რასაც მწვავე შეფასებები და განცხადებები მოჰყვა.

ავტორი: მიხეილ გვაძაბია