სტივენ ბლენკი – საქართველოს მთავრობამ შიდაპოლიტიკური ბრძოლები უნდა შეაჩეროს და ანაკლიის პროექტი განახორციელოს.

ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს უფროსი მკვლევარის სტივენ ბლენკის განცხადებით, “თუ საქართველოს რეალურად სურს, მოიზიდოს უცხოური ინვესტიციები და კონკრეტულად იაპონური ინვესტიციები, მან უნდა განახორციელოს თავისი პროექტები, მათ შორის ანაკლიაც”.

ამის შესახებ ბლენკმა “აქცენტთან” საუბრისას განაცხადა.

“ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ანაკლიის პროექტი საქართველოში შიდაპოლიტიკური ბრძოლების გამო შეჩერდა. თუ საქართველოს რეალურად სურს, მოიზიდოს უცხოური ინვესტიციები და კონკრეტულად იაპონური ინვესტიციები, მან უნდა განახორციელოს თავისი პროექტები, მათ შორის ანაკლიაც და ამის განხორციელებისთვის შიდაპოლიტიკური ბრძოლების შეჩერება აუცილებელია. საქართველო სარგებელს მიიღებს რაც შეიძლება მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვით, რადგან ეს ქვეყნის უსაფრთხოებასაც გააძლიერებს” – განუცხადა “აქცენტს” მკვლევარმა.

ცნობისთვის: იაპონია გეგმავს, მის კომპანიებს, რომლებსაც ახალი ტიპის კორონავირუსის პანდემიის ფონზე პრობლემები შეექმნათ, ჩინეთის დატოვებაში ფინანსურად დაეხმაროს. შეთავაზების მიხედვით, 220 მილიარდი იენი ($2 მილიარდი) წარმოების ჩინეთიდან იაპონიაში გადატანას მოხმარდება, დამატებით 23,5 მილიარდი – ჩინეთიდან სხვა ქვეყნებში. მას შემდეგ, რაც აღნიშნულის შესახებ გახდა ცნობილი, პოლიტიკური გაერთიანების „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საქართველომ კრიზისი შესაძლებლობად უნდა აქციოს. მისი თქმით, იაპონიის მთავრობის ინიციატივა ანაკლიის პორტისთვის, ქალაქისთვის და მთლიანად საქართველოსთვის კორონავირუსის კრიზისის ფონზე ახალ შესაძლებლობებს ხსნის და მოუწოდებს მთავრობას, ამ მიმართულებით გააქტიურდეს.

 

წყარო: აქცენტნიუსი

2020-04-20T18:39:24+04:00აპრილი 20th, 2020|