სტიქაროსანს კორონავირუსი დაუდგინდა – მოძღვრის ინფორმაციით, ვირუსი მას ბაბუისგან გადაედო

სტიქაროსანს, რომელსაც COVID 19 დაუდასტურდა, ვირუსი ბაბუასგან გადაედო, რომელიც, ასევე სტაციონარში მკურნალობს – ეს ინფორმაცია იმ ეკლესიის მოძღვარმა გაავრცელა, სადაც პაციენტი მსახურობდა.

როგორც თემქის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა სერაფიმემ “კურიერთან” სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, ეკლესიაში დეზინფექცია ყოველდღიურად ტარდება და ვირუსი სტიქაროსანს არა ეკლესიაში მსახურების, არამედ დაუდევრობის გამო გადაედო.

“კვირას, საღამოს საათებში მე უკვე ვიცოდი, რომ უკვე ინფიცირებული იყო ეგ ადამიანი. იმ დღეს მე არ ჩამიტარებია მსახურება, სხვამ აღავლინა. მე, რა თქმა უნდა, იზოლაციაში ვარ და ყველა იმ წესს ვიცავ, რასაც ექიმები აცხადებენ, რა რეკომენდაციებიც არის ამ დაავადებასთან დაკავშირებით. ტაძარს დეზინფექცია უტარდება, უტარდებოდა ისედაც, დღეში ერთხელ, სადეზინფექციო ხსნარები დაგვირიგეს. ასევე ხატები იწმინდებოდა ყოველთვის, როცა ხალხმრავალი სიტუაცია იყო. ის ინფორმაცია, რომ ეკლესიიდან წავიდა ის ვირუსი, ეს, რა თქმა უნდა, აბსურდია და ყველა მაგას ცდილობს თქვას, რომ თითქოს ეკლესიიდან წავიდა, არა. პირიქით. მე პირადად ასე ვიტყოდი, რომ ეს არის ადამიანის და ადამიანების დაუდევრობა,”- განაცხადა მოძღვარმა.

“კურიერი” იმავე ტაძარში მომუშავე ქალსაც გაესაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ კვირის ღვთისმსხურებისას სტიქაროსანი ჩვეულებისამებრ არ მიესალმა და დისტანციას იჭერდა.

“ვიცი, რომ ეს ბავშვი ცხოვრობს ბაბუასთან, დედასთან და დეიდასთან ერთად, ერთ სახლში. ჩვენთან მოდიოდა შაბათ კვირას, მსახურობდა ჩვეულებრივად, სტიქაროსანი იყო. მარტო ეგ არ არის, სხვებიც არიან, მოდიან, მსახურობენ, მიდიან. კვირას ისეთი ხალხი არ იყო, რომ შეხებოდა ან დალაპარაკებოდა ვინმეს, არც კი მომესალმა. ჩვეულებრივ, როგორც იცოდა, ისეთი შეხვედრა არ ჰქონდა კვირას და გამიკვირდა,”- განაცხადა მან.

ეკლესიის სტიქაროსანი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული.

2020-04-07T18:24:05+04:00აპრილი 7th, 2020|