ჩინეთიდან საქართველოში 40 ათასი PCR ტესტი სპეცრეისით ჩამოვიდა. ტვირთის ჩამოსვლას აეროპორტში ჯანდაცვის მინისტრი დახვდა.

როგორც მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, PCR ტესტები სახელმწიფომ შეიძინა, თუმცა დამატებით, ანტისხეულების 20 ათასი ტესტი ჩინეთის მთავრობის საჩუქარია.

გარდა ამისა, ჩინეთმა ქართულ მხარეს დიდი რაოდენობით ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, კომბინიზონები, ხელთათმანები და სხვა სამედიცინო ნივთებიც გადასცა. ჯამში საქართველოში 52 ტონა ტვირთი გამოიგზავნა. ჩარტერული რეისი ავიაკომპანია “ჯეოსქაიმ” განახორციელა.

“ამ ტვირთში ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს რა თქმა უნდა, ის 40 ათასი PCR ტესტი და 40 ათასი ექსტრატი, რომელსაც ჩვენ დიდი ხანია ველოდებით. ასევე ჩამოვიდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ნაჩუქარი 20 ათასი ანტისხეულების ტესტი, დანარჩენ ტვირთს კი პირადი დაცვის საშუალებები წარმოადგენს, რომლებიც უზრუნველყოფს ჩვენი ექიმების უსაფრთხო სამუშაო გარემოს. ჩვენ ვაფართოებთ ამ კვირაში ტესტირებას იმ მოწყვლად ჯგუფებზე, რომლებშიც ძალიან მაღალია რისკი, ასევე დამატებით ვმუშაობთ იმ საკითხებზე, თუ ვინ იქნება შემდგომი პრიორიტეტი”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.