ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ (NASA) არტემისის პროგრამის ფარგლებში მთვარეზე დასაშვები სისტემის შესაქმნელად კონტრაქტი ილონ მასკის კომპანიასთან SpaceX გააფორმა. მასთან ერთად მოწყობილობაზე სამუშაოდ დაფინანსება კიდევ ორმა ორგანიზაციამ მოიპოვა. NASA ამერიკელი ასტრონავტების მთვარეზე დაბრუნებას 2024 წელს გეგმავს.

► SpaceX-მა დედამიწის ორბიტაზე 60 ახალი თანამგზავრი გაუშვა

დადამიწის თანამგზავრზე დასაჯდომი სისტემისთვის სააგენტომ სულ 967 მილიონი აშშ დოლარი გამოჰყო, საიდანაც SpaceX-ს 135 მილიონი დოლარი გადაეცა. NASA-ს სამომავლო მისიისთვის კომპანია კოსმოსური ხომალდის Starship ოპტიმიზაციას გეგმავს.

Starship ახალი თაობის პილოტირებადი ხომალდია, რომელიც ორბიტაზე 100 ტონაზე მეტი ტვირთის გატანას შეძლებს. ის ზომითა და წონით SpaceX-ის სხვა, ექსპლუატაციაში უკვე მყოფ კოსმოსურ აპარატებზე პატარაა და ილონ მასკის თქმით, მომავალში მათ ჩაანაცვლებს კიდეც. მრავალჯერადი გამოყენების ხომალდის დედამიწიდან აფრენას რაკეტა Super Heavy უზრუნველყოფს, მთვარიდან და მარსიდან გასაშვებად კი მას ამაჩქარებელი არ დასჭირდება. მოცემული დროისთვის Starship-ის პროტოტიპები ბოკა ჩიკაში მდებარე კომპანიის კუთვნილ კერძო კოსმოდრომზე იქმნება და იტესტება.

ფოტო: SpaceX

მომავალი 10 თვის განმავლობაში მთვარის მისიისთვის განკუთვნილ ხომალდს კიდევ ერთი კომპანია Blue Origin დაამზადებს. ის NASA-ს სამსაფეხურიან სისტემას სთავაზობს, რომელიც 579 მილიონი აშშ დოლარი დაჯდება. კომპანია Dynetics კი მრავალჯერადი გამოყენების მოდულის შექმნას აპირებს, რისთვისაც დაფინანსების სახით 253 მილიონი აშშ დოლარი მოიპოვა. მათ შორის არჩევანს სააგენტო 2021 წლის თებერვლამდე გააკეთებს. გამარჯვებულის გამოვლენაში NASA-ს თითოეული მათგანის მიერ განხორციელებული სადემონსტრაციო მისიები დაეხმარება.

► ამერიკელი ასტრონავტები SpaceX-ის ხომალდით კოსმოსში მაისში გაფრინდებიან

არტემისის პროგრამის ფარგლებში ასტრონავტები მთვარეზე 2024 წელს გაფრინდებიან. მისიის მიზანი ჩვენი პლანეტის თანამგზავრის უკეთ შესწავლა, მზის სისტემის წარმოშობისა და თავად დედამიწის ფორმირების შესახებ ინფორმაციის მოპოვებაა. მის განსახორციელებლად NASA ტექნოლოგიების გაუმჯობესებაზე მუშაობს, რაც მეცნიერებს ამ ციური სხეულის ნაკლებად შესწავლილი ადგილების კვლევაში შეუწყობს ხელს. სააგენტოში იმედოვნებენ, რომ ახალი მოწყობილობების მთვარეზე გამოცდა 2030 წლისთვის მარსზე დაგეგმილი მისიისთვის მომზადებას დაედება საფუძვლად.

წყარო: popx.ge