სოზარ სუბარმა პირობა დადო, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ალკოჰოლზე უარს იტყვის

 

ზაფხულის დასრულებასთან ერთად საარჩევნო ციებცხელება კულმინაციას უახლოვდება. არჩევნებამდე ორ თვეზე ოდნავ მეტი დრო რჩება,რის შედეგადაც გაირკვევა, შეინარჩუნებს თუ არა ხელისუფლება უმრავლესობას პარლამენტში და დააკომპლექტებს მთავრობას, თუ გაიმარჯვებს ოპოზიცია და შედგება კოალიციური მთავრობა. შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო რეფორმების შედეგად პარლამენტში 120 დეპუტატი პროპორციული წესით აირჩევა, ხოლო 30 მაჟორიტარული წესით. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე დაყრდნობით, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან თუ სახელისუფლებო კანდიდატებთან შედარებით, მთავარ ოპოზიციურ პარტიას, ნაციონალურ მოძრაობას უკეთესი შანსები აქვს ქალაქ ბათუმში, რუსთავში, ქუთაისში, თელავში, ზუგდიდში, სამგორის რაიონსა და გლდანის რაიონში.

                                                            

სრული მონაცემები შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე

                        

                              I ტური

                             II ტური

დედაქალაქში 8 სამაჟორიტარო ოლქია, შესაბამისად პოლიტიკური პარტიები ამდენივე მაჟორიტარობის კანდიდატს წარადგენენ. თბილისში ქართულმა ოცნებამ აქცენტი საზოგადოებისთვის ცნობად სახეებზე გააკეთა. მმართველ პარტიას განსაკუთრებით გლდანისა და სამგორის რაიონებში უჭირს, სადაც საერთო ოპოზიციური შეთანხმებიდან გამომდინარე გამარჯვებისთვის ნაციონალური მოძრაობის ორი ძლიერი კანდიდატი, ნიკა მელია და ლევან ხაბეიშვილი იბრძოლებენ.

მათი მოწინააღმდეგეები “ქართული ოცნების” რიგებიდან გლდანში ლევან კობიაშვილი, ხოლო სამგორში სოზარ სუბარი იქნებიან. ლევან კობიაშვილი ოფიციალურ საარჩევნო კამპანიას სექტემბრის თვიდან დაიწყებს, ხოლო სოზარ სუბარი ტელეეკრანებთან უკვე გამოჩნდა და ფაქტობრივად კამპანიაც უკვე დაიწყო. ის რაჭაში სტიქიით დაზარალებულებს შეხვდა პრემიერმინისტრის მრჩეველის რანგში.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რომელიც წყარომ მოგვაწოდა ლევან კობიაშვილს გლდანის რაიონის ადგილობრივი პარტიის ოფისში საკუთარი კანდიდატით კმაყოფილები არიან და მზად არიან მასთან ერთად გამარჯვებისთვის იბრძოლონ, თუმცა სამგორის რაიონში საქმე სხვაგვარადაა. სოზარ სუბარის შემთხვევაში სამგორის რაიონის ქართული ოცნების პარტიული აქტივი სოზარ სუბარის კანდიდატურით უკმაყოფილოა მისი ალკოჰოლისადმი მიდრეკილების გამო. სუბარის შტაბის ხელმძღვანელმა რეზი სოხაძემ თბილისის საკრებულოს წევრის გიორგი დოხტურიშვილის და ვარკეთილის ქართული ოცნების რაიონული ოფისის კურატორის, გიორგი შონიას ზეწოლის შედეგად სოზარ სუბარისაგან ე.წ. “ამპულის” ჩადგმის პირობა მიიღო. წყაროს თქმით სუბარმა აქტივისტების წინაშე პირობა დადო, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ის ალკოჰოლზე უარს იტყვის.

სუბარი 2004-2009 წლებში, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს, საქართველოს სახალხო დამცველი იყო. ხელისუფლებაში ქართული ოცნების გუნდის მოსვლის შემდეგ, 2012-2014 წლებში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის თანამდებობა ეკავა; 2014-2018 წლებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი იყო, ხოლო 2018 წლის 22 ივლისიდან პრემიერმინისტრის მრჩეველია რეგიონული მართვის მიმართულებით.

შეგახსენებთ, რომ არჩევნები ჩანიშნულია 31 ოქტომბერს, რის შემდეგაც გაირკვევა თუ რომელი პოლიტიკური ძალა იქნება ქვეყნის სათავეში მომდევნო 4 წლის განმავლობაში.

2020-08-24T21:48:54+04:00აგვისტო 24th, 2020|