ქვემო ქართლის რეგიონში კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა. მისი განცხადებით, ეპიდემიოლოგებმა გუშინ ბოლნისსა და მარნეულში მასშტაბური კვლევები ჩაატარეს, მარნეულში 303 საკვლევი მასალა აიღეს, ბოლნისში – 35 და მათგან ახალი კორონავირუსი არც ერთ შემთხვევაში არ დაფიქსირებულა.

,,გუშინ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში ეპიდემიოლოგების ძალიან მასშტაბური ბრიგადები იყვნენ და მოცულობითი სამუშაო ჩატარდა. მარნეულში აღებული იქნა 303 საკვლევი მასალა, საიდანაც საბედნიეროდ, ყველა უარყოფითი პასუხია, ისევე როგორც ბოლნისში 35-დან პასუხი ასევე უარყოფითია. ვინარჩუნებთ სტაბილურობას რუსთავშიც, თეთრიწყაროდან დადასტურება არ გვაქვს, ანუ მთლიანობაში ქვემო ქართლში მატება არ არის. გამოჯანმრთელების 9 ფაქტია ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

გუბერნატორის თქმით, სოფელ ქვემო ბოლნისში 6 აპრილის შემდეგ ინფიცირების ახალი ფაქტი არ დაფიქსირებულა, 6 შემთხვევიდან 4 გამოჯანმრთელდა 2 კი გარდაიცვალა. გამომდინარე აქედან, შოთა რეხვიაშვილი მიმართავს ეპიდემიოლოგებს, გასცენ რეკომენდაციები თუ რამდენადაა შესაძლებელი ქვემო ბოლნისში კარანტინი მოიხსნას.

,,აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში აქცენტირებულად იყო გაძლიერებული ტემპით კვლევები ჩატარებული, მოგეხსენებათ იქ პირველი საკარანტინე სივცე იყო შექმნილი, დადასტურებული ექვსი ფაქტიდან, სამწუხაროდ, 2 გარდაცვალების ფაქტი იყო და 4 გამოჯანმრთელებული. დღეის მდგომარეობით თემში დაავადებული აღარ გვყავს. ბოლო დადასტურებული ფაქტი იყო 6 აპრილს და დინამიკა აღარ ყოფილა გავრცობის. ჩვენ მივმართავთ ეპიდემიოლოგებს რეკომენდაციები გასცენ ამ მოვლენებიდან და გავრცელების დინამიკიდან გამომდინარე, რამდენად შესაძლებელია საკარანტინე რეგულაციების მოხსნა“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.