მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტები და გამომძიებლები დაიკითხნენ. საქმის პროკურორის, ნანა გუგუტიშვილის განცხადებით, პროცესზე ექსპერტებმა დეტალურად განმარტეს, რა ვითარებაში შეიძლებოდა მიეღო 19 წლის ფეხბურთელს სხეულზე არსებული კონკრეტული დაზიანებები.

„მოწმეების ჩვენებებით დადასტურდა პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდება. კერძოდ, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩამტარებელი ექსპერტების დაკითხვით დადასტურებულია, რომ გამოკვლეული იქნა გიორგი შაქარაშვილის გვამზე ჩატარებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა და ექსპერტებმა დაადგინეს დაზიანებების მიყენების მექანიზმი და ხანდაზმულობა.

რაც იმას ნიშნავს, აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები მიყენებული იყო გარდაცვალებამდე წინა უახლოეს პერიოდში. შემდეგ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით მეტად დაკონკრეტდა პერიოდი, შაქარაშვილს დაზიანებები 10-20 წუთით ადრე ჰქონდა მიყენებული.

კონკრეტული დაზიანებები ექსპერტებმა დეტალურად ახსნეს რა ვითარებაში შეიძლება მიეღო: ეს იყო მრავალჯერადი დარტყმების შედეგად განხორციელებული და მიყენებული დაზიანებები. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ როგორც ვსაუბრობთ თავდასხმაზე, განხორციელებული იქნა ამ ადამიანთან მიმართებაშიც, რომლის დედაც არის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობილი და სწორედ აღნიშნული თავდასხმით დაზარალებული იყო“ – განაცხადა ნანა გუგუტიშვილმა.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 5 პირს განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუმძიმდა. აღნიშნული 5 პირი “ტოიოტა ქამრის” მგზავრები – ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს დაუმძიმდათ. არიან.

ამასთან, 4 სექტემბერს  საქმეზე დაკავებულ ოთხ პირს ბრალი დაუზუსტდათ. მათ შორის არიან საბა გოგშელიძე, ირაკლი მუმლაძე, ირაკლი წაქაძე, ვახტანგ ჩიქოვანი. ბრალდებულს 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნტის სახით ახალი ბრალი წარედგინა, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. რაც შეეხება ვახტანგ ჩიქოვანს, მის ბრალს “სისხლის სამართლის კოდექსის” 143-ე მუხლის ერთ-ერთი ნაწილი დაემატება, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონო აღკვეთას სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით.