გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ზ.ხ.-ს მამის, თამაზ ხომასურიძის განცხადებით, პროკურატურაში სიცრუის დეტექტორის ჩამოტანაზე უარი განუცხადეს.

თამაზ ხომასურიძის ინფორმაციით, პროკურატურაში შეხვედრისას განუმარტეს, რომ საქართველოს კანონმდებლობაში არ წერია, რომ მათ სიცრუის დეტექტორის ჩამოტანის უფლება აქვთ.

“სიცრუის დეტექტორზე უარი მითხრეს, ვერ ჩამოვიტანთო”, – ამბობს ხომასურიძე.

შეგახსენებთ, თამაზ ხომასურიძის განმარტებით, მისი შვილი ითხოვდა, რომ ის სიცრუის დეტექტორის მეშვეობით გამოეკითხათ, რათა ამგვარად თავისი სიმართლე დაემტკიცებინა.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან 6 არასრულწლოვანია.

პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების – 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის დაიწყო, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეზე ბრალი ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს დაუმძიმდათ.