„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერი, სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) კვლევის მიხედვით, ხელისუფლების მიმართ ნდობა 33 პროცენტზე დაეცა, რაც „სერიოზული დაღმასვლაა“.

კაპანაძის განცხადებით , „ქართული ოცნება“ არჩევნებზე აუცილებლად დამარცხდება.

მისივე თქმით, კვლევის მიხედვით, ოპოზიციური პარტიების ჯამური რეიტინგი „ქართული ოცნების“ რეიტინგზე მეტია.

„ხელისუფლების ნდობა ჩამოვარდა 33%-ზე, რასაც სხვა კვლევებს თუ შევადარებთ სერიოზული დაღმასვლაა. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს დაღმასვლა გაგრძელდება. ამ კვლევაში ჩანს, ხალხს რა აწუხებს ყველაზე მეტად – გაზრდილი ფასები და უმუშევრობა, რაზეც არანაირი პასუხი არ აქვთ. მეორე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ოპოზიციური პარტიების ჯამური რეიტინგი „ქართული ოცნების“ რეიტინგზე მეტია . მესამე, კვლევაში ჩანს ის, რომ ერთი მესამედი მოსახლეობის „ქართულ ოცნებას“ მხარს არ დაუჭერს. ეს სამი კომპონენტი ერთად არის კარგი მანიშნებელი იმის, რომ „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებზე აუცილებლად დამარცხდება.

რაც შეეხება „ევროპულ საქართველოს“ ჩვენ გვაქვს ზრდის პოტენციალი, ჩვენი საბაზისო პოზიცია ვიცით, რაც არის. ჩვენი ამოცანა იქნება, ეს გავაფართოვოთ, იმ მიზნით რომ „ქართულ ოცნებას“ მხარდამჭერები შეუმცირდეს და დამარცხდნენ.

ჩვენი ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე ყველაზე რეიტინგულ კანდიდატად რჩება ოპოზიციურ პოლიტიკოსებს შორის.

საბოლოო ჯამში, ჩვენ ოპტიმისტურად ვუყურებთ ამ კვლევას. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ რომ ეს კარგი მანიშნებელია იმის, რომ „ქართული ოცნება“ დაღმასვლას განიცდის“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

სერგი კაპანაძის თქმით, მას წარმოუდგნელად მიაჩნია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 33%-დან 50% ზე მეტის აღება მოახერხოს.

„ ვერ მიიღებენ 50%-ს თავის თავს და თავის მხარდამჭერებს ამშვიდებენ, რომ ყველაფერი კარგად არის. ყველაფერი კარგად რომ არ არის, ამ კველავში კარგად ჩანს. იმ ნაწილშიც, როდესაც მოსახლეობას ძალიან უჭირს“, – განაცხადა კაპანაძემ.