საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ხელფასი 4 ათასი ლარიდან 10 ათას ლარამდე გაიზარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება არხის სამეურვეო საბჭომ დღეს, 22 სექტემბერს მიიღო. 

ნეტგაზეთი ესაუბრა სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს, ირინა ფუტკატრაძეს, რომელმაც გვითხრა, რომ ხელფასის გაზრდის საკითხს ბორდი უკვე დიდი ხანია, რაც განიხილავს.

„საბჭოს ეს გადაწყვეტილება მიიღო იმიტომ, რომ არაადეკვატური, საკმაოდ დაბალი ხელფასი ჰქონდა გენერალურ დირექტორს. რეალურად, ამაზე მსჯელობა ახლა არ დაწყებულა, ბოლო პერიოდში ამაზე საბჭო მსჯელობდა და არაერთი სამუშაო შეხვედრა გავმართეთ. გამომდინარე იქიდან, რომ დირექოტრს საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობა აქვს, ამხელა ინსტიტუციის მართვა დიდ ვალდებულებებთან და პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული, აქედან გამომდინარე ვთვლიდით, რომ დირექტორის ანაზღაურება უნდა იყოს ადეკვატური,“ – ამბობს ირინა ფუტკარაძე ნეტგაზეთთან.

ფუტკარაძე განმარტავს, რომ საბჭოს მაღლაფერიძის თანამდებობიდან გადადგომისთანავე შეეძლო ამ გადაწყვეტილების მიღება, თუმცა, ბორდმა ეს ნაბიჯი არ გადადგა – „ვინაიდან, ეს არ ყოფილიყო გარკვეული მოტივატორი სავარაუდო კანდიდატებისთვის“.

„პარასკევს გვექნება ახალი დირექტორის არჩევნები და შემდგომ რომ არ მოხდეს ისე, თითქოს, ჩვენ ვიღაცას რაღაც მოვარგეთ ან მსგავსი შეკითხვები. ამასთანავე, მინდა გითხრათ, რომ ამ ეტაპზე 4 ღირსეული კანდიდატი გადავიდა საბოლოო ეტაპზე და შემდგომ, რომ არ იყოს რაიმე საუბრები, თითქოს, მოვარგეთ ეს ანაზღაურება ვინმეს, ზუსტად ამ შუალედში მივიღეთ ეს გადაწყვეტილება,“ – აცხადებს ირინა ფუტკარაძე.

მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ გენერალურ დირექტორს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, საბჭოს ანაზღაურების სახით უფრო დიდი თანხის დანიშვნა უნდოდა, თუმცა, ეს ფუფუნება საზოგადოებრივ მაუწყებელს არ აქვს – „ეს იყო ის გონივრული თანხა, რომელიც შეგვეძლო, რომ გაგვეზარდა დირექოტირსთვის“.


პარასკევს სამეურვეო საბჭომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი უნდა აირჩიოს. ამ თანამდებობისთვის 4 კანდიდატია შერჩეული –  თინათინ ბერძენიშვილი, ირმა სოხაძე, ხათუნა ლაგაზიძე და ალექსანდრე ვახტანგოვი.