სავალდებულო კარანტინი საქართველოს მოქალაქეებისთვის და არა უცხოელებისთვის

8 ივლისს მთავრობამ გადაწყვიტა ევროკავშირის 5 ქვეყნისთვის (გერმანია, საფრანგეთი, ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია) საზღვრები უპირობოდ გაეხსნა.  აღნიშნული  ქვეყნების მოქალაქეებსა და რეზიდენტებს საქართველოში ჩამოსვლა სავალდებულო კარანტინის გავლის გარეშე შეუძლიათ,  ამავე ქვეყნებიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეებისთვის კი სამშობლოში დაბრუნებისას ორკვირიანი კარანტინის გავლა სავალდებულოა.

მთავრობა ამას იმით ხსნის, რომ ქვეყანაში შემოსული უცხოელი ვიზიტორები კორონავირუსის გავრცელების ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენენ, რადგან მათ, საქართველოს მოქალაქესთან შედარებით, გაცილებით ნაკლები საკონტაქტო წრე ჰყავთ, რაც ვირუსის გავრცელების რისკებს ამცირებს.

თუმცა მთავრობის გადაწყვეტილება ამ ქვეყნებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ნაწილისათვის გაუგებარია. მათ შორისაა ნინი მახარაძე, რომელიც გერმანიაში სწავლობს და მუშაობს. ნინის შვილი საქართველოში ცხოვრობს და  7 თვეა არ უნახავს. იმის გამო, რომ გერმანიაში მუდმივი ბინადრობის უფლება არ აქვს, აღნიშნული რეგულაცია მასაც ეხება.

“უკვე სამი წელია გერმანიაში ვარ, ვასრულებ სექტემბერში სწავლას და ყოველწლიურად ვიგრძელებ ვიზას. მუდმივი ბინადრობის უფლება ჯერ არ მაქვს. იანვარში ვიყავი [საქართველოში] ბოლოს. 7 თვეა შვილი არ მინახავს, აპრილში მქონდა შვებულება და საზღვრები იყო ჩაკეტილი და ვერ წავედი. შვილი 8 წლისაა და  ყოველდღე მეკითხება — დედა როდის ჩამოხვალ, აღარ შემიძლია უკვე უშენოდო. ამ უაზრო და ალოგიკური რეგულაციის გამო შვილთან ვერ მივდივარ.

ვერანაირი ახსნა ვერ მოვუძებნე ამ რეგულაციას. ჩემთვის სრულიად ალოგიკურია რატომ შეუძლია ხანგრძლივი ბინადრობის მქონე ქართველს უპრობლემოდ და კარანტინის გარეშე შესვლა ქვეყანაში და მე რატო მიწევს ორკვირიანი კარანტინი”, — ამბობს ის “ნეტგაზეთთან”.

ნინის შვებულება 16-დღიანია, შვილის სანახავად რომ ჩამოვიდეს, თითქმის მთელი შვებულება, 14 დღე კარანტინში უნდა გაატაროს.

“როცა ოფიციალურად მუშაობ ერთ თვეს არავინ გაძლევს შვებულებას. მე მხოლოდ ორ კვირაზე ცოტა მეტი მაქვს და აქედან ორი კვირა თუ დავყავი კარანტინში, გამოდის რომ შვილს წესიერად ვერც ვნახავ, ერთი დღე და მეორე დღეს უკან უნდა გამოვფრინდე. როგორ ჩამოვალ, მაშინ სამსახურიდან უნდა წამოვიდე და უკან როცა დავბრუნდები ახალი სამსახური ვეძებო და ეს თქვენც კარგად იცით რა რთულია”, — აღნიშნავს ის.

ნინის მსგავსად მთავრობის არგუმენტი “ალოგიკურია” თორნიკე კუბლაშვილისთვის, რომელიც ბერლინში ცხოვრობს და მუშაობს. მას მიაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება დისკრიმინაციულია.

“იმიტომ, რომ ჩემი ვიზა არ არის უვადო, საქართველოში რომ შემოვიდე მიწევს კარანტინი, რაც ჩემთვის ალოგიკურია. თუ საფუძველი ეპიდემიაა, დაავადება გადაეცემა როგორც გერმანელს, ასევე უვადო ვიზის მქონე ქართველს და ნებისმიერ სხვა ადამიანს. გაუგებარია, ჩემთვის რატომ არის საჭირო კარანტინი და მათთვის, ვისაც მუდმივი ბინადრობის უფლება აქვს, ანუ გერმანული პასპორტი — არა.

საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც უვადო ცხოვრების უფლება აქვს, ჩემგან არაფერი არ განასხვავებს. იმიტომ, რომ როგორც მას აქვს სოციალური კონტაქტები, ისე მაქვს მეც. ის არგუმენტი, რომ გერმანელი ტურისტი ნაკლებ ადამიანს შეხვდება, ჩემთვის კიდევ უფრო ალოგიკურია. იმიტომ, რომ მე ვისაც შევხვდები, იმათი სახელი და გვარიც მეცოდინება და ტურისტი ვის შეხვდება არ მგონია, რომ იდენტიფიკაცია მოახდინოს”, — ეუბნება ის “ნეტგაზეთს”.

საქართველოში დასაბრუნებლად ორკვირიანი კარანტინის გავლის შემდეგ ქვეყანაში დასარჩენად საკმარისი დრო და შვებულება არც თორნიკეს აქვს. იმისათვის, რომ საქართველოში ჩამოსულმა კარანტინიც გაიაროს და შემდეგ ქვეყანაშიც დაჰყოს, ერთადერთ გამოსავალს სამსახურისთვის თავის დანებებაში ხედავს.

“ვერ მოვდივარ, იმიტომ, რომ ვმუშაობ აქ [გერმანიაში] და ორი კვირა კარანტინში თუ ვიქნები, მინიმუმ, ორი კვირა უნდა ვიყო იქ [საქართველოში], რომ აზრი ჰქონდეს ჩემს ჩამოსვლას. მიზეზი, რის გამოც მე მოვდივარ, დროს მოითხოვს. სამსახურიდან ერთი თვით წასვლა შეუძლებელია. ამ რეგულაციით ჩემს შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ სამსახურს დავანებო თავი, წამოვიდე, რამდენი ხანიც წამოვალ საქართველოში და ჩამოვიდე ისევ უკან სამსახური თავიდან ვეძებო. საელჩოში გვეუბნებიან, რომ გაგებით მოვეკიდოთ და ჩვენც იგივე სიტუაცია გვაქვსო. განსხვავება ისაა, რომ ისინი უკან ჩამოვლენ და სამუშაო ადგილები იგივე ექნებათ”, — ამბობს ის.

თორნიკემ აღნიშნულ რეგულაციის შემოღებასთან დაკავშირებით განმარტების მიღება ჯერ ბერლინში,  საელჩოში სცადა, სადაც უთხრეს, რომ ამის ახსნა მათ “კომპეტენციაში არ შედის”.  რის შემდეგაც  მან საქართველოს სასამართლოს მიმართა და ქვეყანაში დაბრუნებისას, საქართველოს მოქალაქეების სავალდებულო კარანტინში მოთავსების წესის დისკრიმინაციულად ცნობას ითხოვს.

თორნიკეს ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) იცავს. სარჩელის განხილვა თბილისი საქალაქო სასამართლოში 12 აგვისტოს უნდა გამართულიყო, თუმცა მოპასუხე მხარის — მთავრობის ადმინისტრაციის მიერ სათანადო დოკუმენტაციის არ ქონის გამო სხდომა სექტემბრისთვის გადაიდო.

“12 აგვისტოს უნდა ყოფილიყო საქმის განხილვა. სარჩელი 31 ივლისს იყო წარდგენილი და მალე ჩაინიშნა სხდომა, თუმცა ჩვენ გარკვეული მოთხოვნები დავაზუსტეთ. გარდა ამისა, მთავრობის ადმინისტრაციას ანუ მოპასუხე მხარეს არ ჰქონდა სათანადო დოკუმენტაცია,  რაც სასამართლომ დაავალა. სასამართლომაც გარკვეული დრო ითხოვა სასარჩელო მოთხოვნების შესწავლისთვის და გადადო სხდომა სექტემბრისთვის და 10 სექტემბრამდე სხდომა არ იქნება”, — ეუბნება “ნეტგაზეთს” საიას იურისტი, ლაშა ბექიშვილი.

იურისტის თქმით, მთავრობის გადაწყვეტილებას ლეგიტიმური საფუძველი არ აქვს.

“ჩვენ ვდაობთ, რომ სახეზე გვაქვს განსხვავებული მიდგომა მოქალაქეობის ნიშნით. ყოველ შემთხვევაში სამართლებრივი საფუძველი ამ ტიპის შეზღუდვას არ გააჩნია, სამართლებრივი არგუმენტები სასამართლოში ამდრომდე არ არის წარმოდგენილი მთავრობის მხრიდან თუ რა სამართლებრივი გამართლება აქვს იმას, რომ მაგალითად, გერმანიის მოქალაქე არ ექვემდებარება კარანტინს და მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ექვემდებარება კარანტინს. ანუ ჩვენ ვითხოვთ, რომ მსგავსად გერმანიის მოქალაქეებისა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებიც კარანტინის გარეშე შემოვიდნენ საქართველოში”, — ამბობს ლაშა ბექიშვილი.

თავად თორნიკე კუბლაშვილისთვის კი სარჩელის განხილვის მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან შესაბამისი დოკუმენტაციის არქონის მიზეზით გადადება ამყარებს ეჭვს, რომ ეს სპეციალურად განხილვის გადასებად მოხდა.

“გამიკვირდა, რომ მთავრობის წარმომადგენლები იგივე არგუმენტით არ მოვიდნენ სასამართლოში და არ თქვეს, რომ “ჩვენს კომპეტენციაში არ შედის”. ეს სიტუაცია, ჩემთვის მინიმუმ ეჭვს ბადებს. იყო წინასწარი მოლაპარაკება და 5 დღე სარჩელზე პასუხის გასაცემად და 5 დღის მერე, როდესაც იმ ნორმატივების მიტანაც არ იყო თურმე შესაძლებელი თუ რას ეფუძნება ეს გადაწყვეტილება. ეს უკვე მისაბუთებს იმ განწყობას, რომ მიზანი იყო ერთი, რომ სხდომა ერთი თვით გადაეტანათ”, — ამბობს თორნიკე კუბლაშვილი.

ამ საკითხზე სასამართლო სექტემბერში იმსჯელებს.

2020-08-13T12:37:11+04:00აგვისტო 13th, 2020|