სატელიტის კადრებით, ბაჩალიაშვილის მანქანა 19 ივლისს ტყეში არ დგას – რამიშვილი

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, სატელიტის კადრებში ჩანს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა 19 ივლისს ტყეში არ იდგა.

ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა, 23 ივლისს კი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც რამიშვილმა “პოლიტმეტრში” განაცხადა, პროკურატურას არაერთხელ მიმართა 18-22 ივლისის სატელიტის კადრების აღმოღების თხოვნით, თუმცა პასუხს იღებდა, რომ ღრუბლიანი ამინდები იყო და არაფერი გამოჩნდებოდა. რამიშვილის თქმით, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც არაერთი მცდელობის შემდეგ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც დაეხმარნენ და მიაწოდეს სატელიტის კადრები. მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ შემთხვევის ადგილის  კოორდინატები გადამოწმებულია და სატელიტის კადრები ზუსტად შემთხვევის ადგილს ასახავს.

რამიშვილის თანახმად, 19 ივლისის მდგომარეობით მანქანა შემთვევის ადგილას არ დგას, სხვა დღეები კი ღრუბლიანი იყო და სატელიტის კადრები გარჩევადი არ არის. რამიშვილის აზრით, ამ კადრებით დასტურდება, რომ მანქანა იმ ადგილზე მერე არის მიყვანილი.


თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის ხუთდღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, შემდეგ კი გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლი დაემატა, რაც თვითმკლელობამდე მიყვანას ითვალისწინებს.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში 4 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის შედეგების შესახებ. აღნიშნულის მიხედვით, როგორც პროკურატურა აცხადებს, გარდაცვლილის სხეულში აღმოჩენილი მედიკამენტების დოზა ასეულობით აღემატება ლეტალურ მაჩვენებლებს.

2020-09-08T23:22:31+04:00სექტემბერი 8th, 2020|