სასამართლო სისტემა ჩაკეტილია კვალიფიციური და გამოცდილი კადრებისთვის, სამაგიეროდ, ღიაა გავლენიან მოსამართლეთა ნათესავებისთვის და ახლობლებისთვის

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ საერთო სასამართლოების სისტემაში ნეპოტიზმის ნიშნებია.

მისივე თქმით, სასამართლო სისტემა ჩაკეტილია კვალიფიციური და გამოცდილი კადრებისთვის, სამაგიეროდ, ღიაა გავლენიან მოსამართლეთა ნათესავებისთვის და ახლობლებისთვის.

არამოსამართლე წევრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ნათესაური, მეგობრული თუ სხვაგვარი კავშირების გამო სასამართლოების თანამშრომლებისთვის პრივილეგიების მინიჭების პრაქტიკა ხელს უშლის კვალიფიციური კადრების შემოდინებას.

ჯანეზაშვილის თქმით, მან შეისწავლა შემთხვევები,რომელიც სასამართლო სისტემაში გავრცელებულ ნეპოტიზმზე მიანიშნებს.

“ირაკლი შენგელია – თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, მიხეილ ჩინჩალაძის მოადგილე, შენგელიას ცოლი, ლანა თევზაძე მუშაობს საერთო სასამართლოების დეპარტამენტში, მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. შენგელიას დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ლანა თევზაძე 2014 წლიდან დასაქმებულია საერთო სასამართლოების სისტემაში. ირაკლი შენგელიას და თინათინ შენგელია სამტრედიის რაიონულ სასამართლოში სპეციალისტად მუშაობს. ირაკლი შენგელიას დისშვილმა, სალომე კაცაძემ მუშაობა დაიწყო თბილისის საქალაქო სასამართლოში და დღესაც საქმიანობს სასამართლო სისტემაში.

რევაზ ნადარაია – თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი: რევაზ ნადარაიას სახელს უკავშირდება იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსადმთავრებულის კობა ჩაგუნავას კარიერული წინსვლა. კობა ჩაგუნავა ნადარაიას თანასოფლელია (სოფელი დიდი ჭყონი), მაგრამ ამ შემთხვევაში საინტერესოა ის, რომ ნადარაია როდესაც ფოთის საქალაქო სასამართლოში მუშაობდა, კობა ჩაგუნავაც ამავე სასამართლოს მენეჯერი იყო; როდესაც ნადარაია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა, კობა ჩაგუნავაც ამავე წელს გადმოვიდა ამავე სასამართლოში; ხოლო, როდესაც ნადარაია გახდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე, კობა ჩაგუნავამაც ამავე სასამართლოში, ამავე პალატაში დაიწყო კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობა. ვინაიდან ჩაგუნავა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს (რომლის წევრიც ნადარაიაც არის) გადაწყვეტილებით, სკოლის მსმენელი გახდა, არ არის გამორიცხული, ჩაგუნავა უახლოეს მომავალში საბჭომ მოსამართლედ დაინიშნოს, რადგან სკოლის დამთავრება მოსამართლედ დანიშვნის წინაპირობაა. აღსანიშნავია, რომ კობა ჩაგუნავას დაც, სოფიკო ჩაგუნავა სასამართლო სისტემაში მუშაობს. ის ქუთაისის საქალაქო სასამართლოში კანცელარიის სპეციალისტია 2015 წლიდან. იქამდე მას მხოლოდ ინგლისური ენის პედაგოგად მუშაობის გამოცდილება ჰქონდა და სასამართლოში არასოდეს უმუშავია. გარდა ამისა, რევაზ ნადარაიამ უნდა უპასუხოს კითხვას ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის ხატია გვილავას შესახებ, რომელიც იქ 2018 წლიდან მუშაობს, არის თუ არა მისი ნათესავი?

დავით მამისეიშვილი – ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მუშაობს დავით მამისეიშვილის თანასოფლელი (სოფელი გეგუთი) თორნიკე გიგიაძე, რომელიც 2019 წლის 30 დეკემბრიდან აღნიშნული სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების სპეციალისტია, ამასთანავე, არის თუ არა მისი ნათლული? ცხადია, ამ კითხვას პასუხი თავად მოსამართლე მამისეიშვილმა უნდა გასცეს.

პაატა სილაგაძე – თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, პაატა სილაგაძის ცოლისდა ნინო გიორგაძე 2015 წლის ივლისიდან მუშაობს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, ის ჯერ იყო წამყვანი სპეციალისტი, ხოლო, მოგვიანებით, ამავე სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივანი გახდა.

გოჩა დიდავა – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, პაატა ბობოხიძე, რომელიც გოჩა დიდავას ნათესავია ცოლის მხრიდან, 2009-2013 წლებში იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მანდატური, რის შემდეგაც ის წლების განმავლობაში სასამართლო სისტემაში აღარ მუშაობდა. 2016 წლიდან მისი ნათესავი, მოსამართლე გოჩა დიდავა ინიშნება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ. ამის შემდგომ, 2018 წელს პაატა ბობოხიძეც ბრუნდება ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ჯერ კურიერად, შემდეგ ის ხდება წამყვანი სპეციალისტი, ახლა კი ის არის ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სხდომის მდივანი.

დავით ახალბედაშვილი – თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, დავით ახალბედაშვილი და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ნოდარ გიორგიძე ნათესავები არიან. ნოდარ გიორგიძემ მუშაობა დაიწყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სწორედ იმ პერიოდში, როდესაც დავით ახალბედაშვილი ამავე სასამართლოს მოსამართლე იყო. 2017 წლის 20 ნოემბრიდან ნოდარ გიორგიძე არჩეული იქნა ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად (“ქართული ოცნებიდან”) და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ. მართალია გიორგიძე სასამართლოში აღარ მუშაობს, მაგრამ მისი ცოლი, თინათინ ციცქიშვილი ამჟამად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწეა.

ვანო ბოლქვაძე – იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორი ვანო ბოლქვაძის ცოლი, ხატია ჯავახიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის აპარატის კონსულტანტია. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ თავად ვანო ბოლქვაძეს მიხეილ ჩინჩალაძესთან მუშაობის გამოცდილება აქვს ჯერ უზენაეს სასამართლოში, შემდგომ კი თბილისის სააპელაციო სასამართლოში. შესაბამისად, მისი წარმატებაც სწორედ ამ წარსულ გამოცდილებას უკავშირდება.

ლევან გზირიშვილი – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ალექსანდრე გზირიშვილი ლევან გზირიშვილის შვილია. მან 2018 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოგვიანებით კი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩატარებული კონკურსის საფუძველზე გახდა იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი, რაც მოსამართლედ დანიშვნამდე სავალდებულო ეტაპია. იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩაბარება ნეპოტიზმის შედეგია, რადგან მამის დახმარების გარეშე მისთვის საქალაქო სასამართლოში მუშაობის დაწყება და იუსტიციის სკოლაში ჩაბარება მარტივი არ იქნებოდა. გამორიცხული არ არის, რომ ალექსანდრე გზირიშვილი უახლოეს მომავალში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით გახდეს მოსამართლე, რომლის წევრიც არის მისი მამა“, – აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.

2020-07-09T15:19:31+04:00ივლისი 9th, 2020|