საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას, საქართველოს მთავრობას შეუძლია განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

  • შემოიღოს ქვეყანაში მოქალაქეთა შესვლისა და გასვლის განსაკუთრებული რეჟიმი;
  • აუცილებლობის შემთხვევაში შეუზღუდოს მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს თავისუფალი გადაადგილების უფლება;
  • აუკრძალოს მოქალაქეებს თავიანთი საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ადგილსამყოფლის დატოვება სათანადო ნებართვის გარეშე;
  • საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ტერიტორიაზე აკრძალოს კრებების, მიტინგების, ქუჩის მსვლელობებისა და დემონსტრაციების, აგრეთვე სანახაობრივი, სპორტული და სხვა მასობრივი ღონისძიებების მოწყობა;
  • აკრძალოს გაფიცვების მოწყობა;
  • შემოიღოს კარანტინი და განახორციელონ სხვა სავალდებულო სანიტარიულ-ეპიდემიასაწინააღმდეგო ღონისძიებანი;
  • კანონმდებლობის შესაბამისად კონტროლი დააწესოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე;
  • შემოიღოს კავშირგაბმულობის საშუალებებით სარგებლობის განსაკუთრებული წესები;
  • შეზღუდოს სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა და გასინჯონ ისინი;
  • შემოიღონ კომენდანტის საათი.

საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდისათვის საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელებს უფლება აქვთ, საჭიროების შემთხვევაში, მუშა-მოსამსახურენი, მათ დაუკითხავად, დროებით გადაიყვანონ ისეთ სამუშაოზე, რომელიც არ არის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობა არის სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოების დაწესებულებების, საწარმოებისა და ორგანიზაციების საქმიანობის კანონით დადგენილი დროებითი საგანგებო რეჟიმი, რომლის დროსაც იზღუდება მოქალაქეთა გარკვეული უფლებები და ეკისრებათ მათ დამატებითი ვალდებულებები.

საგანგებო მდგომარეობა ცხადდება საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებისათვის ომიანობის თუ მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალებისა თუ შეიარაღებული ამბოხების, ეკოლოგიური კატასტროფებისა და ეპიდემიების დროს, სტიქიურ უბედურებათა, დიდი ავარიების, ეპიზოოტიების ან სხვა შემთხვევებში, როცა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებულნი არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას.

საქართველოს პრეზიდენტი საგანგებო მდგომარეობას აცხადებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში და ეს გადაწყვეტილება არაუგვიანეს 48 საათისა შეაქვს პარლამენტში დასამტკიცებლად. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზანია ვითარების უსწრაფესი ნორმალიზაცია, კანონიერებისა და მართლწესრიგის აღდგენა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ გიორგი გახარიას განცხადებით ჯერჯერობით საგანგებო მდგომარეობა არ ითვალისწინებს კომენდანტის საათის ამოქმედებას, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ეს აუციებლად მოხდება.