საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს სახელმწიფო დაცვა მოეხსნა. ამის შესახებ მარგველაშვილი ტვიტერზე წერს.

ყოფილი პრეზიდენტი აღნიშნულს პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს.

“გუშინ გულითადი შესანიშნავი სამსახურისთვის მადლობა გადავუხადე და დავემშვიდობე პირად მცველებს –  ერთგული თანამებროძლების საუკეთესო გუნდს. “ქართული ოცნების” კიდევ ერთი პოლიტიზირებული გადაწყვეტილება პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის ძირგამოსათხრელად”, – წერს გიორგი მარგველაშვილი Twitter-ზე.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, მარგველაშვილისთვის დაცვის მოხსნის გადაწყვეტილების მიზეზების განმარტებისას მიუთითებს “სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ” კანონზე, რომლის თანახმადაც საქართველოს პრეზიდენტს ინაუგურაციის დღიდან ენიშნება დაცვა, რომელიც უნარჩუნდება 1 წლის ვადით უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, თუ მისი უფლებამოსილების შეწყვეტა არ არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის შედეგი. კანონის მე-5 მუხლის მე-4 პრიმა პუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს უფლებამოსილების ვადის გასვლიდან 1 წლის შემდეგ ან უფლებამოსილების შეწყვეტიდან 1 წლის შემდეგ, პერსონალური დაცვა შეიძლება დაენიშნოს/გაუგრძელდეს იმ შემთხვევაში, თუ მისი უფლებამოსილების შეწყვეტა არ არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის შედეგი და არსებობს საკმარისი მონაცემები ან შესაბამისი სამსახურებიდან მიღებულია ინფორმაცია, რომ მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

“საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს სახელმწიფო დაცვა მოეხსნა სწორედ „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ” კანონის აღნიშნული მოთხოვნების შესაბამისად. ამასთან, შენარჩუნდება ოპერატიული ზედამხედველობა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის საცხოვრებელ სახლზე, რის შესახებაც მუდმივად ინფორმირებული იქნება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. შესაძლო საფრთხის შესახებ ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური დაუყოვნებლივ იმოქმედებს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად”, – ნათქვამია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ “ნეტგაზეთისთვის” მიწოდებულ წერილობით კომენტარში.

წყარო: ნეტგაზეთი