საგარეო საქმეთა მინისტრმა საზოგადოებას იმ მოქალაქეების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფებიან. დავთ ზალკალიანის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე იყო საუბარი.

მინისტრის თქმით, მსოფლიოს მასშტაბით, 40-ზე მეტ ქვეყანაში 2425 მოქალაქეს შესაბამისი დახმარება გაეწია. დახმარება მოიცავს როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე საკვებ და სხვა საჭირო პროდუქტებით უზრუნველყოფას.

“დღეის მდგომარეობით, როგორც დღეს საკოორდინაციო საბჭოს მოვახსენე, 40-ზე მეტ ქვეყანაში საქართველოს 2 ათას 425 მოქალაქეს გაუწია შესაბამისი დახმარება საქართველოს დიპლომატიურმა მისიებმა და საკონსულოებმა. დახმარება მოიცავს როგორც საცხოვრებლით, ისე საკვებით, ტრანსპორტით, მედიკამენტებით ონლაინ სამედიცინო კონსულტაციებით და გადაუდებელი სხვა რეკომენდაციებით ჩვენი მოქალაქეების დახმარებას. მე მინდა საზოგადოებამ იცოდეს ზუსტად, ის რაოდენობა და ის საქმიანობა, რომელსაც ჩვენი მისიები ახორციელებენ საზღვარგარეთის ქვეყნებში. ჩვენი დიპლომატები, საკონსულო დაწესებულებები მუშაობენ არსებული შესაძლებლობების ზღვარზე. სიტუაცია გაცილებით უფრო მძიმეა ყველა იმ ქვეყანაში, ვიდრე საქართველოში, სადაც პანდემიის დინამიკა არის მზარდი და ჩვენს დიპლომატებს ამ სიტუაციაში საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად უჯდებათ საქმიანობის განხორციელება და ამას ახორციელებენ ძალიან ღირსეულად. მიუხედავად ძალიან ბევრი შეურაცხოფის, ბევრი ცრუ ინფორმაციის გავრცელების, ისინი აგრძელებენ საქართველოს მოქალაქეებისთვის შესაბამისი დახმარების აღმოჩენას,“ – აცხადებს დავით ზალკალიანი.

დავით ზალკალიანი იმ მონაცემებზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმყოფებიან, საქართველოს საელჩოებმა დახმარება გაუწიეს.

“ავსტრიის რესპუბლიკაში თავშესაფრის გარეშე დარჩენილი საქართველოს 24 მოქალაქე საელჩომ უზრუნველყო საცხოვრებლით და საკვებით. ბელარუსის რესპუბლიკაში ტექნიკური და მატერიალური ხასიათის დახმარება გაეწია 17 მოქალაქეს. ბულგარეთის რესპუბლიკაში საერთო ჯამში, მატერიალური, ტექნიკური სახის დახმარება გაეწია საქართველოს 2017 მოქალაქეს. გერმანიაში საერთო ჯამში, მატერიალური ტექნიკური სახის დახმარება გაეწია საქართველოს 303 მოქალაქეს და ა.შ.“ – ამბობს დავით ზალკალიანი.