რამდენიმე კვირის წინ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ „მთავარ არხს“ ნოდარ მელაძე ტოვებდა, გამართლდა. გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიზეზი „მთავარი არხის“ დამფუძნებელთან, ნიკა გვარამიასთან მომხდარი უთანხმოება გახდა.

ნოდარ მელაძე საქმიანობას „ტვ პირველზე“ აგრძელებს. „მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსთან ერთად „ტვ პირველზე“ მისი ოთხი თანაგუნდელიც გადავიდა.

„პრაიმ ტაიმი“ ნიკა გვარამიას ესაუბრა და შეეცადა მისგან გაერკვია, რა გახდა ნოდარ მელაძის არხიდან წასვლის მიზეზი.

– უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ ნოდარ მელაძე „მთავარი არხიდან“ წავიდა და „ტვ პირველზე“ განაგრძობს მუშაობას… რა გახდა თქვენი თანამშრომლობის დასრულების მიზეზი და ნაწყენი ხომ არ ხართ მასზე?

– წყენა პირადი კატეგორიაა და ამაზე არ ვისაუბრებ არცერთ შემთხვევაში. ნოდარი მუშაობდა ჩემთან ერთად „რუსთავი 2“-ზე, შემდეგ  „მთავარ არხზე“. მან დიდი წვლილი შეიტანა, ახალი ამბების საქმეში, როგორც ჩვენს არხზე, ასევე ზოგადად საქართველოში.

ადამიანები რაღაც დროს ეყრებიან, რაღაც დროს შორდებიან ერთმანეთს, სამსახურში ავიყვანე ერთ დროს, ახლა გადავწყვიტე, რომ ჩვენი გზები და ხედვები განსხვავდება ერთმანეთისგან, მე სხვა რამე მინდა იმ ტელევიზიისგან, რომელსავ ვფლობ და ვხელმძღვანელობ. მგონი ეს ტრაგიკული ამბავი არ არის არც ჩემთვის და არც სხვისთვის.

– ნათესაობა გაკავშირებთ, თქვენ მისი ტყუპების ნათლია ხართ…

– რას ვიზამთ, ვერ იქნება ეს შემაფერხებელი გარემოება. სამსახურში ამ ტიპის გარემოებებით გადაწყვეტილებებს ვერ ვიღებ.

– მეგობრობას განაგრძობთ?

– ეს ჩვენი ურთიერთობებია და არ მგონია საინტერესო იყოს მკითხველისთვის. სანამ ჩავთვალეთ ორივე მხარემ საჭიროდ, ვთანამშრომლობდით. როცა აღარ ჩავთვალეთ – თანამშრომლობა შეწყდა. გადაიკვეთება თუ არა ოდესმე ჩვენი გზები, წინასწარ ვერ გეტყვით.

– მედიაში სხვადასხვა ვერსიები გავრცელდა, რის გამოც თქვენი გზები გაიყო, სიმართლე იყო რაც დაიწერა?

– მე არ ვიცი რა ხმები გავრცელდა, მაგრამ არაა პირველი გადაწყვეტილება, რომელიც ჩემთან დასაქმებული ადამიანის შეცვლას, ან სხვაგან გადასვლას ეხება. ეს არის კომპანია, სადაც კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე იღებენ გადაწყვეტილებას, დასაქმებულებიც და დამსაქმებლებიც.

– ამბობენ, რომ პოლიტიკური ხედვები არ დაემთხვა, ასე იყო?

– პოლიტიკასთან დაკავშირებულ ხედვებზე არ იყო, ახალი ამბების კონცეფციაზე იყო საუბარი. მე ვფიქრობ განსხვავებული გაგრძელება უნდა ჰქონდეს ამას. ნოდარმა ჩათვალა რომ ის სხვაგვარად ვერ გააგრძელებდა მუშაობას, ყოველ შემთხვევაში მე ასე აღვიქვი ყველაფერი.

– მელაძის წასვლის შემდეგ, „მთავარ არხზე“ გაუქმდა საინფორმაციოს ხელმძღვანელის თანამდებობა. რატომ გადაწყვიტეთ ასე?

– მეტ თავისუფლებას ვაძლევ ჩემს თანამშრომლებს, თუ ისინი პასუხობენ მთავარ კრიტერიუმებს და მოთხოვნებს, რაც გვაქვს მე და ჩვენს არხს,  მითუმეტეს იმ თანამდებობაზე, რომელიც ნოდარს ეჭირა.

არის განვითარების ფაზები, როცა იცვლება ჩემი და კომპანიის ხედვებიც, იცვლებიან ადამიანებიც, ან თუ თვლიან, რომ არ უნდა შეიცვალონ და ისე უნდა გააგრძელონ მუშაობა, როგორც თავად თვლიან საჭიროდ, ამას აკეთებენ სხვაგან.

ჩემი გადაწყვეტილება იყო საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციის გაუქმება. მე ვფიქრობ ეს თანამდებობა არ უნდა იყოს და აღარც არის.

– ნოდარ მელაძის თქვენი გუნდის რამდენიმე წევრიც გაჰყვა, ელოდებოდით ამას?

– მოულოდნელი არ იყო. კონკრეტულ სახელებს არ ვიტყვი, უსიამოვნო იყო რიგ შემთხვევებში, რიგ შემთხვევებში – არ ვიცი… უკეთესობაც შეიძლებოდა, ასეთი გადაწყვეტილებები გვერდით ეფექტებს იწვევს. ჩვენ ვაგრძელებთ განვითარებას და წასულებსაც წარმატებას ვუსურვებ.

– რა სიახლეებს გეგმავს „მთავარი არხი“?

– საერთოდ არხი აპირებს გაძლიერებას და მთავარ ოპოზიუციურ არხად დარჩენას. რეიტინგი იმატებს, ემატება გადაცემები, კიდევ დაემატება სხვადასხვა პროექტები  და არამხოლოდ საინფორმაციოები. ამბიციური და წამყვანი არხი ვართ, ინტერნეტში „რუსთავი 2“-ის  და „იმედის“ ჯამურ ნახვებს ვაგროვებთ. ასე, რომ ვგეგმავთ ამ კუთხით განვითარებასაც, დღეს ახალი საიტი ჩაეშვება.  შემდეგი კვირიდან დღის სტუმარი ჩაეშვება სამ წამყვანთან ერთად, ასევე, „შაბათის მთავარი“ დაიწყება. ბევრი რამე იქნება, რასაც ნახავთ.