სამადაშვილი გახარიას: იმედია ისეთ სისულელეს არ გვეტყვით, რომ ტრამპიც ენმ-ის მხარდამჭერია

„იმედია ისეთ სისულელეს არ გვეტყვით ამ დარბაზში, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტიც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია“, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

სამადაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებზე ისაუბრა და მთავრობას შეახსენა, რომ სტრატეგიული ურთიერთობა დემოკრატიასა და მართლმსაჯულებაზეა დამოკიდებული.

„გუშინ ჩვენ აღვნიშნეთ ჩვენი სახელმწიფოებრიობის და დამოუკიდებლობის დღე და როდესაც ეს დღე მიულოცა ქართველ ხალხს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, მან შეგვახსენა, რომ ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა ეფუძნება ისეთ საერთო ღირებულებებს, როგორიც არის დემოკრატია, მართლმსაჯულება და პატივისცემა ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებების. გასაგებია, რომ თქვენ და თქვენი თანაგუნგდელები სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ რიშს, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების თავმჯდომარეს, ბატონ მაკალისტერს მოიხსენიებთ, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერის წარმომადგენლებს, მაგრამ იმედია, ისეთ სისულელეს არ გვეტყვით ამ დარბაზში, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტიც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია. ალბათ უნდა დაგვეთანხმოთ, რომ სწორედ ეს საერთო ღირებულებებია მთავარი საკითხი ჩვენს სტრატეგიული ურთიერთობებში“, – მიმართა სამადაშვილმა პრემიერს.

წყარო

2020-05-27T14:58:28+04:00მაისი 27th, 2020|