“ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, სენატორების განცხადებები ხელისუფლებისთვის ნათელს უნდა ხდიდეს, რომ ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი მოლაპარაკებების პროცესიდან კონკრეტულ შედეგებს ელოდება და თუ ეს შედეგი არ დადგება, პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, მმართველ გუნდს დაეკისრება.

რაც შეეხება საქართველოს საკითხთან დაკავშირებით რეზოლუციის შემუშავებაზე სენატორ რონ ჯონსონის ინიციატივას, როგორც სამადაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამას დრო დასჭირდება და „ის, თუ როგორ წარიმართება მოლაპარაკებები, რეზოლუციაში თავის ასახვას ჰპოვებს“.

„ვფიქრობ, სენატში ვნახეთ, რომ ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიას და ასევე, დიდია შეშფოთება საქართველში დემოკრატიის კუთხით არსებული გამოწვეევების თაობაზე. ნახეთ, რომ საუბარი იყო როგორც პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებაზე, ასევე სასამართლო კლანზე, რომელიც მართავს სასამართლო სისტემას. საუბარი იყო უამრავ პრობლემაზე, რომელიც არჩევნებზე გამოვლინდა და ფაქტობრივად მითითებული იყო საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ ეს არჩევნები არ იყო იმ სტანდარტის, რომელსაც მათი დასავლელი პარტნიორები ელოდებიან ამ ქვეყნისგან. კითხვები ასევე შეეხებოდა იმას, უნდა გადახედოს თუ არა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საკუთარი დახმარების გაცემის პირობებს საქართველოსთან მიმართებით და რაც მთავარია, შეთანხმდა, რომ დაიწყება რეზოლუციაზე მუშაობა, სადაც აისახება საქართველოსთან მიმართებით განახლებული პოლიტიკა. ვფიქრობ, ხელისუფლებისთვის ეს გზავნილები ძალიან ნათელს უნდა ხდიდეს, რომ სტრატეგიული მოკავშირე მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესიდან კონკრეტულ შედეგებს ელოდება და თუ ეს შედეგი არ დაიდება, ამაზე პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ხელისუფლებას ეკისრება, როგორც გუშინ სენატიდანაც შეახსენეს“,- განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხზე იმსჯელეს. ამასთან, სენატორი რონ ჯონსონი რეზოლუციის შემუშავების ინიციატივით გამოვიდა, რომელშიც იქნება მიმართვა პარტიებისთვის, რომ მოილაპარაკონ და არსებული დავა გადაწყვიტონ. ჯონსონის განცხადებით, ამ დავის გადაწყვეტა მარტივი არ არის, თუმცა ეს საბოლოო ჯამში ამ პარტიების გასაკეთებელია, რადგან არავინ განახორციელებს ზეწოლას.

 

 

 

.interpressnews.ge