„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი არიან ის ადამიანები, ვინც „ევროპული საქართველოს“ გადმოსახედიდან მინისტრთა კაბინეტში არ უნდა იყვნენ.

14 აგვისტოს „რუსთავი 2-ის“ ეთერში, „ღამის კურიერის“ წამყვანმა დავით ბაქრაძეს ჰკითხა: „იმ შემთხვევაში თუ „ნაციონალური მოძრაობა“ თავის აღმასრულებელ ხელისუფლებაში, სიებში ჩაწერს სააკაშვილის, მერაბიშვილის ან ადეიშვილის გვარებს, თქვენთვის მისაღები იქნება ასეთ მინისტრთა კაბინეტში ინტეგრირება“?

დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ კოალიციური ხელისუფლება ყოველთვის გულისხმობს მოლაპარაკებებს და შეთანხმებებს პარტიებს შორის და როდესაც საკითხი მივა კოალიციური მთავრობის შექმნამდე, „ევროპულ საქართველოს“ ექნება გარკვეული პირობები მომავალ კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებით. ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე მან განაცხადა:

„იქნებიან ადამიანები, ვინც ჩვენი გადმოსახედიდან მომავალ მინისტრთა კაბინეტში, მათ შორის პრემიერ-მინისტრად, არ უნდა იყვნენ… მაგალითად, სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი“. ჟურნალისტის კითხვას, „რატომ“, ბაქრაძემ ასე უპასუხა:

„იმიტომ, რომ მიგვაჩნია, რომ დღეს დაკვეთა არის სხვა ტიპის მართვაზე; იმიტომ, რომ მიგვაჩნია, რომ — სამართლიანად არის თუ უსამართლოდ, – საზოგადოებაში არსებულ განწყობას და აზრს ანგარიში უნდა გავუწიოთ; და იმიტომ, რომ მიგვაჩნია, კოალიციურო ხელისუფლება უნდა იყოს ისეთ, სადაც იქნება შესაძლებელი რაც შეიძლება მეტი პარტიის ჩართვა და შესაბამისად მასში იქნებიან ისეთი ფიგურები, ვისთან ერთად მუშაობასაც შეძლებენ განსხვავებული პარტიების წარმომადგენლები“.

https://www.facebook.com/f1500c42-b717-44d3-8f02-75106215ff51

წყარო