დღეისთვის ნავთობის ბაზარზე მოვლენები ძალიან საინტერესოდ ვითარდება. ნედლი ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე ერთ ბარელზე 20 აშშ. დოლარზე ნაკლებია. ექსპერტების აზრით ფასმა შესაძლოა 10 აშშ. დოლარამდე დაიწიოს, რითაც ნავთობის ფასი თავის ისტორიულ მინიმუმს მიაღწევს. საწვავზე ფასის შემცირებას, ერთის მხრივ, კორონავირუსის გავრცელებამ შეუწყო ხელი. როგორც ვიცით ვირუსმა ეკონომიკის მრავალი დარგი გააჩერა, რამაც ენერგომატარებლების მოხმარება მნიშვნელოვნად შეამცირა. ხოლო, მეორეს მხრივ, საუდის არაბეთმა გაზარდა ნედლი ნავთობის მოპოვების დღიური ლიმიტი. რითაც ფასის შემცირებას ხელი კიდევ უფრო შეუწყო. OPEC წევრი ქვეყნისთვის მსგავსი ქმედება ერთი შეხედვით თითქოს არაბუნებრივია.

რადგან ამ ორგანიზაციის შექმნის მიზანი სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ პირიქით მოპოვებული ნედლი ნავთობის რაოდენობის შემცირებით საწვავზე ფასი გაზრდილიყო. ეს არის კარტელური გარიგების ტიპიური კლასილური მაგალითი, როდესაც ბაზარზე კონკურენციის ძალები ხელოვნურად იზღუდება, ხოლო ბაზრის მონაწილე სუბიექტებისათვის გაზრდილი ფასებით მიღებული დივიდენდების თანაბრად გაყოფა უფრო მომგებიანია. საუდის არაბეთის ამ ქმედებას OPEC-ის არსებობის ისტორიის მანძილზე პრეცენდენტი არ გააჩნია და უფრო პოლიტიკური ამოცანებით არის ნაკარნახევი, ვიდრე ეკონომიკური.

2016 წელს რუსეთის ფედერაცია OPEC წევრი ქვეყნების წინაშე ნედლი ნავთობის მოპოვების შემცირების თაობაზე ინიციატივით გამოვიდა. ძირითადი შეთანხმება შედგა რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის. პუტინმა ეტყობა საუდიტებს მყარი გარანტიები მისცა, თორემ სხვა შემთხვევაში მოლაპარაკება არ შედგებოდა. რადგან რუსეთმა უკვე დიდი ხანია სანდო პარტნიორის სახელი დაკარგა საერთაშორისო არენაზე. მოლაპარაკის მიზანი იყო მოპოვებული ნედლი ნავთობის დღე-ღამეში 2,1 მლნ. ბარელით შემცირება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდიდა მის ფასს მსოფლიო ბაზარზე. შეთანხმება ამა წლის პირველ კვარტლამდე მოქმედებდა „OPEC +“ -ის ფარგლებში, სანამ რუსეთმა ის უაპელაციოდ არ დატოვა. შეთანხმებიდან გასვლა ოფიციალურმა მოსკოვმა გაუფრთხილებლად, ყოველგვარი განმარტების გარეშე გააკეთა. რუსეთის ხელისუფლებამ მხოლოდ, მის მიერვე მართული ტელეარხების საშუალებით და ისიც შიდა მომხმარებელზე გათვლილი, ინფორმაცია გაავრცელა ამის შესახებ. კრემლის ბოსების მიზანი თურმე ამერიკის ნავთობმომპოვებელი ინდუსტრიის გაკოტრება ყოფილა.

პუტინის ეს გადაწყვეტილება შოკის მომგვრელი იყო მოლაპარაკებაში მონაწილე დანარჩენი ქვეყნებისთვის. განსაკუთრებით მწვავე რეაქცია ჰქონდა საუდის არაბეთს. შეთანხმების დარღვევის შემდეგ ამ უკანასკნელმა სამართლიანად ჩათვალა, რომ დამოუკიდებლად მოქმედების უფლება აქვს და პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, ჭკუა ესწავლებინა ოფიციალური მოსკოვისთვის. არაბებმა კარგად იციან, რომ რუსეთის ეკონომიკა მოწყვლადია ნავთობის ფასის მიმართ. რუსული ნავთობის თვითღირებულება ბარელზე 25 აშშ. დოლარს შეადგენს, მაშინ როდესაც საუდიტებს ნავთობის მოპოვება 15 აშშ. დოლარი უჯდებათ. სწორედ ამაზეა აგებენ არაბები საკუთარ პოლიტიკას კრემლთან მიმართებაში. დაწიონ მაქსიმალურად მსოფლიო ფასები ნავთობზე, რომ არამარტო გამოდევნონ რუსული ენერგომატარებლები ევროპის ბაზრებიდან, არამედ მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენონ ქვეყნის ეკონომიკასაც. ჯერჯერობით არაბებს ეს კარგად გამოსდით. რუსეთის ეკონომიკა ბარელი ნავთობის 42 აშშ. დოლარზეა გათვლილი. თვითღირებულებაზე უფრო ნაკლებ ფასად გაყიდვა, არამარტო რუსეთის ბიუჯეტს არამედ თავად ნავთობმომპოვებელ დარგსაც დააზიანებს. შეგახსენებთ, რომ წელს ახლო აღმოსავლეთში რუსული პოლიტიკისათვის „ყურის აწევის“ ეს უკვე მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. პირველი თურქეთი იყო. სირიის კონფლიქტში რუსეთ-თურქეთს სამხედრო კონფლიქტის დროს ნათლად გამოჩნდა რუსული სამხედრო ძალებისა და ტექნიკის სისუსტე. რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა არამარტო რუსეთის საგარეო პოლიტიკას ახლო აღმოსავლეთში არამედ რუსეთის იმიჯსაც მსოფლიო არენაზე.

ექსპერტების აზრით, თუ საუდის არაბეთი ამ ტემპებით გააგრძელებს ნავთობის ინტენსიურ მოპოვებას მსოფლიო ბაზარი არამარტო გაჯერდება იაფი პროდუქციით და არამედ, ზაფხულისთვის რეზერვის სახით 2 მლრ. ბარელი ნავთობის რეზერვუარებიც კი არ იქნება საკმარისი მათ შესანახად. რუსეთისთვის პრობლემას მარტო ბაზარზე ნავთობის ჭარბი მიწოდება არ წარმოადგენს. ოფიციალური მოსკოვის აგრესიული პოლიტიკის დამსახურებაა, რომ რუსულ ენერგომატარებლებზე მოთხოვნა მსოფლიოში სწრაფად მცირდება. კრემლთან დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობის გამო უკრაინამ, ბელორუსმა, თურქეთმა უარი თქვეს რუსული ენერგომატარებლების გამოყენებაზე და სხვა ქვეყნებში ალტერნატიული ენერგიის წყაროებს აქტიურად ეძებენ. დიდ ინიციატივას არ იჩენს ამ მიმართულებით ევროპის ქვეყნებიც, ხოლო ჩინეთის ენერგომხარჯველობა ისედაც შემცირებულია კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო. თუ წლის ბოლომდე არაფერი შეიცვლება, მხოლოდ ნავთობისა და ბუნებრივი აირის გაყიდვით, რუსეთის ბიუჯეტი 3 ტრილიონი აშშ. დოლარით იზარალებს. ეკონომიკა 3%-იანი ზრდის ნაცვლად 3%-ით შემცირდება. შედეგად მხოლოდ ბიუროკრატიულ ხარჯებს რუსეთის ეკონომიკა ვერ აუვა. ამას ემატება კორუფცია და გაუმაძღარი, მუდმივად მშიერი პოლიტიკური ელიტა. შედეგები დღესვე უკვე სავალალოა. ერთი აშშ დოლარის კურსი რუბლებში 81 ერთეულს აცდა. ექსპერტების მოსაზრებით 2020 წლისთვის ყველაზე არასტაბილური ვალუტა მსოფლიოში რუსული რუბლია. ქვეყანას აქტიურად ტოვებს უცხოური ინვესტიციები და ბიზნესი. რუსეთის ეკონომიკა მოპოვებითია და არა გადამამუშავებელი. ერთადერთი დარგი, რომლის პროდუქციაც ექსპორტით გადის მსოფლიოს მესამე ქვეყნებში, სამხედრო იარაღის წარმოებაა. ისიც, რუსეთ-თურქეთის ხანმოკლე კონფლიქტმა სირიაში ყველას ნათლად დაანახა რუსული სამხედრო ტექნიკის უფუნქციობა და არასაიმედოობა. რუსეთისთვის ერთადერთი გამოსავალი ოქროს რეზერვების გამოყენებაა.

ოფიციალური მოსკოვის განცხადებით რეზერვები ოქროს სახით იმდენი გააჩნია სახელმწიფოს, რომ ორი წელი თავისუფლად შესძლებს დააბალანსოს ენერგორესურსების გაყიდვით შექმნილი ფინანსური დეფიციტი. მაგრამ პროგნოზები ზედმეტად ოპტიმისტურია. ექსპერტების აზრით პუტინი ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს, მათშორის ერთჯერადად დახარჯავს სახელმწიფო რეზერვების დიდ ნაწილსაც იმისთვის, რომ აპრილის თვეში საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის დაგეგმილი სახალხო გამოკითხვისთვის ქვეყანაში წარმოსახვითი ეკონომიკური სტაბილურობა შეინარჩუნოს. პრემიერი მიშუსტინის დანიშვნაც სწორედ ამას ემსახურებოდა, მაქსიმალური რეზერვების მობილიზება და ქვეყნის მომზადება პლებისციტისთვის. რუსეთის სახელმწიფო „Баба Яга“-ს ქოხს მაგონებს, რომელიც ქათმის წვრილ ფეხებზე დგას და როდის გადაიჩეხება არავინ იცის. პუტინის გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგები რუსეთისთვის დამღუპველი და მძიმე იქნება.

 

ავტორი: ალექსი ნონიაძე