სახალხო დამცველის 13 აგვისტოს გამოქვენებული ცნობით, ცნობილი ხდება, რომ რუსეთი საქართველოს უკრაინელი მებრძოლის ექსტრადიციას სთხოვს.

საქართველოს სახალხო დამცველი  პროკურატურას მოუწოდებს, უარი უთხრას რუსეთს ექსტრადიციის მოთხოვნაზე, რომელიც უკრაინის მოქალაქეს ეხება.

სახალხო დამცველის მიერ 13 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, შესაბამისი წერილით ომბუდსმენმა საქართველოს გენერალურ პროკურორს 2020 წლის 3 აგვისტოს მიმართა.

საუბარია უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე ვადიმ ალტმანზე, რომლის ექსტრადიციის მოთხოვნით რუსეთმა საქართველოს 2020  წლის 30 იანვარს მიმართა. ომბუდსმენის ინფორმაციით, ალტმანს, ექსტრადიციის შუამდგომლობის დოკუმენტების მიხედვით,  ბრალი  სხვადასხვა დანაშაულში (კრიმინალური ორგანიზაციის ჩამოყალიბება და ნარკოტიკული დანაშაულის)ედება.

“საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ ვადიმ ალტმანი რუსეთ-უკრაინის შეირაღებული კონფლიქტის დროს მონაწილეობას იღებდა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ განხორციელებულ სხვადასხვა აქტივობებში.

წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, იგი არის „ომის, შეიარაღებული ძალების ინვალიდთა და საომარი მოქმედებების მონაწილეთა სრულიად უკრაინის ორგანიზაციის ოდესის საოლქო ორგანიზაციის“ წევრი. ასევე, მონაწილეობდა უკრაინულ მოხალისეთა ჯგუფების შემადგენლობაში და აქტიურ როლს ასრულებდა უკრაინის არმიის აღჭურვა-მომარაგებაში”, – იუწყება სახალხო დამცველი.

სახალხო დამცველი გენერალურ პროკურატურისადმი მიმართვაში ყურადღებას ამახვილებს რუსეთის პენიტენციურ სისტემაზე და ვარაუდობს, რომ ვადიმ ალტმანის საქართველოდან რუსეთში ექსტრადიციის შემთხვევაში ის წამების მსხვერპლი გახდება:

“რუსულ პენიტენციურ სისტემაში მოიძებნება სასტიკი მოპყრობის არაერთი მაგალითი მათ მიმართ, ვინც რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით პრო-უკრაინულ განცხადებებს ავრცელებს. წინადადებაში მიმოხილული ოლეგ სენცოვისა და სხვა პირთა საქმეები ნათლად მიუთითებს, რომ ვადიმ ალტმანის ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმას, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო ვალდებულებებთან”.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გენერალურმა პროკურატურამ უნდა გაითვალისწინოს მითითებული გარემოებები და არ მიმართოს სასამართლოს ექსტრადიციაზე თანხმობის მოსაპოვებლად. საქართველოს სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურა გაითვალისწინებს აღნიშნულ გარემოებებს და მიიღებს ადამიანის უფლებების სფეროში არსებული ვალდებულებების შესაბამის გადაწყვეტილებას.