რუსეთი აცხადებს, რომ თურქი სამხედროები ყარაბაღში არ იქნებიან

რუსეთი აცხადებს, რომ თურქი სამხედროები ყარაბაღში არ იქნებიან. ამის დასტურად კრემლის საიტზე გამოქვეყნდა აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტების და სომხეთის პრემიერ-მინისტრის ერთობლივი განცხადება მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შესახებ.

ამ ტექსტში დამატებით ხაზგასმულია, რომ სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფანი „რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტის კონტროლის ქვეშ რჩება.“

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ორშაბათ ღამით, ვლადიმირ პუტინთან ვიდეოკავშირით გამართულ საუბარში განაცხადა, რომ „დღევანდელი განცხადების ერთ-ერთ პუნქტს წარმოადგენს რუსეთისა და თურქეთის სამშვიდობო მისია“. პრეზიდენტების საუბრის ჩანაწერი აზერბაიჯანის პრეზიდენტის საიტზე გამოქვეყნდა. პუტინი ალიევთან საუბრის დროს არ უარყოფს აზერბაიჯანის ლიდერის სიტყვებს, მაგრამ კრემლის საიტზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში თურქ მშვიდობის დამცველებზე არაფერია ნათქვამი.

წუხელ აზერბაიჯანი, სომხეთი და რუსეთის შეთანხმდნენ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაზე ადგილობრივი დროით 10 ნოემბრის შუაღამის 0 საათიდან. მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ რუსულმა სატრანსპორტო თვითმფრინავებმა შესაბამისი სამხედრო ტექნიკა და პირადი შემადგენლობა უკვე გადაისროლეს სომხეთში დანიშნულების ადგილზე შემდგომი განლაგებისათვის.

სამმხრივი შეთანხმებით 1960 რუსი ჯარისკაცი სამშვიდობო მანდატით განლაგდება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შეხების ხაზზე და ლაჩინის დერეფანში. დოკუმენტით განსაზღვრულია აზერბაიჯანისათვის ლაჩინის, ქელბაჯარისა და აღდამის რაიონების გადაცემის ვადები.

2020-11-10T16:37:55+04:00ნოემბერი 10th, 2020|