ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის უსაფრთხოდ და ეფექტურად შექმნაზე მნიშვნელოვანი, მასზე თანაბარი ხელმისაწვდომობაა. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი კორონავირუსის საკითხებთან დაკავშირებით დღეს გამართულ ვირტუალურ საერთაშორისო კონფერენციას გამოეხმაურა, სადაც ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინისა და პრეპარატების შესაქმნელად ევროკავშირი 1 მილიარდ ევროს გამოყოფს.

„ათი დღის წინ მე შევუერთდი პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის, პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლეიენის და მელინდა გეითსის ინიციატივას, რომ დაწყებულიყო „დამაჩქარებელი აქტი“, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, დიაგნოსტირებისა და მკურნალობის საშუალებების შემუშავებას, წარმოებას და თანაბარ მიწოდებას უზრუნველყოფდა. დღეს მთელი მსოფლიოდან, 40 ქვეყნის ლიდერი შეიკრიბა, რომ მხარი დაუჭიროს ამ აქტს. დღევანდელ ღონისძიებაზე 7.4 მილიარდი ევროს გამოყოფის პირობა დაიდო, რაც ვაქცინის და წამლების შექმნას და მისთვის საჭირო კვლევებს მოხმარდება. ეს იყო მძლავრი და შთამაგონებელი გამოვლინება გლობალური სოლიდარობისა“, – განაცხადა გებრეიესუსმა.

მისივე თქმით, დღეს ქვეყნებმა არა მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერის პირობა დადეს, არამედ აღუთქვეს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო საშუალებების ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფენ.

„მეცნიერების ბოლო მიღწევები მსოფლიოს საშუალებას აძლევს მზარდი სისწრაფით მიუახლოვდეს ამ საშუალებების შექმნას. თუმცა წარმატების ნამდვილი საზომი იქნება არა ის თუ რამდენად უსაფრთხო და ეფექტურ საშუალებებს შევქმნით, არამედ ის თუ რამდენად თანაბრად გავავრცელებთ მათ. ჩვენთვის არავისთვის არის მისაღები სამყარო, სადაც ზოგი ადამიანი დაცულია, სხვები კი – არა. ყველა უნდა იყოს დაცული“,- განაცხადა ორგანიზაციის ლიდერმა.

მისივე განცხადებით, რამდენიმე ქვეყანა ე.წ. კარანტინის და სახლში ყოფნის ზომების შემსუბუქებას იწყებს, თუმცა საბაზისო ნორმები – ხელების დაბანა და ფიზიკური დისტანცია არ შეიძლება მოიხსნას.

„როცა ზოგ ქვეყანაში დაავადების შემთხვევებისა და გარდაცვალების რიცხვი მცირდება, სხვა ქვეყნებში ის იზრდება. ეს ვირუსი ჩვენთან დიდხანს იქნება ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, რათა მისი დასამარცხებელი საშუალებები შევქმნათ და გავავრცელოთ“, – აღნიშნა მან.