თვითდასაქმებულთა დახმარების 300- ლარიანი პაკეტი კორუფციის წყარო გახდება, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ სოციალურ დახმარებებს. რომან გოცირიძის თქმით, თვითდასაქმებულებისთვის განკუთვნილი ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარება, პირველ რიგში, „ქართული ოცნების“ აქტივისტებს გადაეცემა.

„თვითდასაქმებულთა დახმარების ეს 300 ლარიანი პაკეტი კორუფციის წყარო გახდება და ის პირველ რიგში, შეხვდება „ქართული ოცნების“ აქტივისტებს, რომლებიც კოორდინატორებად და სხვადასხვა საარჩევნო თანამშრომლებად ჰყავთ გაფორმებული. მათ არ გაუჭირდებათ ცნობების მიტანა. ეს ცნობები შეიძლება იყოს ყალბიც, შეიძლება არც იყოს, მაგრამ პირველ რიგში, ეს გამოყენებული იქნება ასეთი პოლიტიკური აქტივის დასახმარებლად. დარჩება 600 000 ადამიანი. მთავრობამ საერთოდ ზურგი აქცია სოფელს. სოფლის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ელემენტარული მხარდაჭერის გარეშე დარჩა. არადა ასეულობით ღირსეული პროფესიის წარმომადგენელია, რომლებიც საკუთარი ხელით შრომობენ: დურგლები, ხელოსნები, კომპიუტერის შემკეთებლები, ლიფტების შემკეთებლები, ძიძები, რეპეტიტორები და უამრავი ადამიანი. ასეთი შრომელი ხალხი დარჩება ელემენტარული მხარდაჭერის გარეშე. ეს არის ხელისუფლების დანაშაული, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უდიდეს ნაწილს მშიერს ტოვებს,“ – განაცხადა გოცირიძემ.

 

წყარო: ინტერპრესნიუსი