5 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაასახელა ქვეყნები, რომლებთანაც საქართველო, ტურიზმის განახლების გეგმის ფარგლებში, საწყის ეტპაზე მიმოსვლის აღდგენასა და ტურისტების მიღებას გეგმავს.

„რაც შეეხება ორმხრივ შეთანხმებებს კონკრეტულ სახელმწიფოებთან, საიდანაც ჩვენ გვაქვს რეალური შანსი, პირველი ტურისტები მივიღოთ, ეს არის ისრაელი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩეხეთი, უნგრეთი, საბერძნეთი, ავსტრია“, — აღნიშნა მაშინ გიორგი გახარიამ.

თუმცა გიორგი გახარიამ უკვე 9 ივნისს განაცხადა, რომ ზოგიერთი ქვეყნიდან საქართველოს მთავრობას მიმართეს და გაუარესებული ვითარების შესახებ აცნობეს:

„ჩვენმა კოლეგებმა თვითონ, ჩვენივე ინტერესებიდან, საქართველოს უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით გვითხრეს, რომ იქნებ, ცოტა ხანი დავლოდოთ და ვნახოთ, ციფრები როგორი იქნება“, — აღნიშნა პრემიერმა, თუმცა კონკრეტული ქვეყნები არ დაუსახელებია.

მსგავსი განცხადება 9 ივნისს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმაც გააკეთა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო „მარტივად გახნა“, შესაძლოა, ვერ მოხერხდეს. ქვეყნის დასახელებისგან მაჭავარიანმაც თავი შეიკავა.

„ნეტგაზეთი“ დაინტერესდა, თუ როგორია ეპიდემიოლოგიური ვითარებაა გახარიას მიერ ჩამოთვლილ ქვეყნებში — როგორია კორონავირუსის გავრცელების ბოლოდროინდელი დინამიკა და ა.შ. და სად არის გაუარესებული ეპიდვითარება.

ბალტიისპირეთის ქვეყნები

ბალტიისპირეთში იგულისხმება სამი ქვეყანა — ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა.

ესტონეთში, რომლის მოსახლეობაც, სტატისტიკის სამსახურის 2020 წლის გამოთვლებით, 1 328 976 ადამიანია, მთლიანობაში გამოავლინეს ინფიცირების 1947 შემთხვევა, ბოლო 24 საათის განმავლობაში — 7.

რაც შეეხება აქტიურ შემთხვევებს, მათი რაოდენობა 113-ია (ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა კიდევ 3 ადამიანი), ხოლო ექიმების მკურნალობის ქვეშ არის 14 პაციენტი (დანარჩენები სახლში მკურნალობენ), გარდაცვლილია 69 ადამიაინი.

ლატვიაში, ჯამში, გამოვლენილია 1089 ინფიცირებული, გარდაიცვალა 26 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 794. ამგვარად, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 269-აა. ბოლო 4 დღის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა დღიურად ასეთია — 3, 2, 3, 1.

ლიეტუვაში სულ,გამოვლინდა 1727 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1338 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 72 ადამიანი.

სტატისტიკურად, 26 მაისიდან 9 ივნისამდე, ანუ 15 დღის განმავლობაში, ერთ დღეში საშუალოდ 5.8 შემთხვევა ვლინდებოდა. ბოლო 4 დღის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა დღიურად ასეთია — 11, 9, 6, 7.

ჩეხეთი, უნგრეთი და ავსტრია

ჩეხეთში, ოფიციალური სამთავრობო ვებ-გვერდის მონაცემების თანახმად, სულ 9697 შემთხვევა გამოავლინეს. აქედან გარდაიცვალა 328 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 7009 პაციენტი. რჩება 2362 აქტიური შემთხვევა, მაგრამ ჰოსპიტალში ამჟამად მხოლოდ 117 ადამიანია. ბოლო 5 დღის განმავლობაში გამოვლენილი რაოდენობა შემდეგია — 56, 35, 38, 61, 69. მართალია, ბოლო ორ დღეში შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა, როგორც expats.cz წერს, მკვეთრადაა გაზრდილი ტესტირების რაოდენობაც.

რაც შეეხება უნგრეთს, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, სულ გამოავლინეს 4017 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2324 ადამიანი, გარდაიცვალა 550 ადამიანი. ამგვარად, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 1143-ს შეადგენს.

განსხვავებული სიხშირით ფიქსირდება უნგრეთში ახალი დღიური შემთხვევები: ზოგჯერ, ოფიციალური სტატისტიკით, 0 შემთხვევაა, მეორე დღეს კი — ათეულობით, ბოლო 11 დღის მონაცემები კი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკით, ასეთია: 0, 26, 9, 45, 10, 0, 23, 16, 0, 0, 44.

16 898 შემთხვევაა გამოვლენილი ავსტრიაში — აქედან გამოჯანმრთელდა 15 789 ადამიანი, გარდაიცვალა 672, აქტიური შემთხვევების რაოდენობა კი 437-ია. ბოლო 5 დღის შემთხვევები ასეთია: 62, 19, 46, 21.

საბერძნეთი

3000-ზე ოდნავ მეტი შემთხვევაა გამოვლენილი საბერძნეთში — 3049, ხელისუფლების ოფიციალური ვებ-გვერდის მიხედვით, გარდაიცვალა 182 ადამიანი. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 1374-ია. აქტიური შემთხვევების რაოდენობა კი 1493-ია.

ამასთან ერთად, ბოლო 4 დღის განმავლობაში, მთლიანობაში დაფიქსირებულია 97 ახალი შემთხვევა. გამოცემა GreekReporter-ის ცნობით, აქედან 30 საზღვარგარეთიდან ჩასულ მოქალაქეებს აღმოაჩნდათ, 29 შემთხვევა კი გამოვლინდა ქალაქ ქსანტიში.

გამოცემის ინფორმაციით, ხელისუფლება შეშფოთებულია ქვეყნის მასშტაბით ზოგიერთ ადგილას ფიზიკური დისტანცირების წესების დარღვევით. მთავრობის პრეს-სპიკერის, სტელიოს პეტსასის განცხადებით, ხელისუფლება შეზღუდვებს ზოგ რეგიონში თავიდან დააწესებს, თუ ამის საჭიროება დადგება:

„თავიდან დავაწესებთ ადგილობრივ კარანტინს, თუ სადმე პრობლემას დავინახავთ, იქნება ეს სამეზობლო, სკოლა თუ საავადმოყოფო. შესაძლოა შეეხოს მთლიან გეოგრაფიულ არეალსაც — კუნძულს ან პრეფექტურას. ყველა შესაძლებლობას განვიხილავთ. კორონავირუსი არ გამქრალა, სიფხიზლე არ უნდა დავკარგოთ“, — ამბობს იგი.

ისრაელი

ბოლო 10 დღის სტატისტიკა ასეთია: 262, 0, 148, 0, 0, 276, 67, 144, 77, 132.

Reuters-ის ცნობით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ახალი შემთხვევების დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, შეზღუდვების მოხსნა დროებით შეჩერდებოდა.

Times of Israel-ის ცნობით, ბოლო 24 საათში ისრაელში გამოავლინეს 179 ახალი შემთხვევა, რაც თითქმის ერთი თვის განმავლობაში ყველაზე დიდი მაჩვენებელია.

„ინფიცირების მაჩვენებლებში მდგრადი კლების შემდეგ, ბოლო კვირებში ისრაელში შემთხვევების მატება დაფიქსირდა, პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კი ორშაბათს განაცხადა, რომ მთავრობა შეზღუდვების შემდგომ მოხსნას შეაჩერებს“, — წერს გამოცემა.

ასევე, მათივე ცნობით, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ახალი შემთხვევების დიდ რაოდენობას სკოლებს უკავშირებენ, რომლებიც მაისში ორთვიანი „შესვენების“ შემდეგ გაიხსნა.


საერთაშორისო ტურიზმის გახსნას შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში საქართველოს მთავრობა გარკვეულ ქვეყნებთან პირველ ივლისს აპირებს, შიდა ტურიზმის განახლება კი 15 ივნისისთვისაა დაგეგმილი. ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა ოფიციალური გაიდლაინები, თუ რა პროცედურებით აპირებს საქართველო ტურისტების ქვეყანაში შემოშვებას.

 

წყარო