როგორ უნდა დაიკრძალოს COVID-19-ით გარდაცვლილი – მინისტრის ბრძანება

საქართველოში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების არცერთი შემთვევა არაა დაფიქსირებული, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი ახალი კორონავირუსით დაიღუპება, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ბრძანება გამოსცა, რომელიც ცხედრის გადასვენებისა და დაკრძალვის წესებს განსაზღვრავს.

მინისტრის ბრძანების მიხედვით, COVID-19-ით დაინფიცირებული, ან საეჭვო პაციენტის გარდაცვალების შემთხვევაში, ცხედარი უნდა დაფაროს ზეწრით და მოთავსდეს წყალგაუმტარ გვამის ჩანთაში. ამის შემდეგ უნდა მოხდეს მისი ტრანსპორტირება სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ გვამის დროებითი დაყოვნების სათავსში, სადაც ჩანთის გარე ზედაპირის დეზინფიცირება მოხდება.

აღნიშნულიდან არაუმეტეს 1 საათის განმავლობაში უნდა ეცნობოს შესაბამის სარიტუალო/დამკრძალავ სამსახურსა და ოჯახის წევრებს გარდაცვალების ფაქტის დადგომასა და დროული გადასვენების აუცილებლობის თაობაზე.

მინისტრის ბრძანების მიხედვით, ცხედრის გადასვენება უნდა განხორციელდეს სასახლით, რომელშიც იგი თავსდება გვამის ჩანთით, რომლის გახსნა მიცვალებულის გადასვენებისა და დაკრძალვის ნებისმიერ ეტაპზე აკრძალულია.

ბრძანებაში ვკითხულობთ, რომ საჭიროა მიცვალებულის დროულად (არაუმეტეს 72 სთ-ის განმავლობაში) დაკრძალვის ორგანიზება და ხალხმრავალი პანაშვიდებისგან თავის შეკავება.

ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, COVID-19-ის დადასტურებულ ან სავარაუდო შემთხვევაში, უნდა გამოირიცხოს გვამის ბალზამიერება და ნებისმიერი დამატებითი კონტაქტი, მათ შორის პათოლოგ-ანატომიური გაკვეთა, გარდა ამ უკანასკნელის აუცილებლობის შემთხვევისა.

მსგავსი ზომები უკვე მიიღეს არაერთ ქვეყანაში, სადაც დაავადება უფრო ფართოდაა გავრცელებული და ლეტალური შემთხვევებიც ფიქსირდება. მაგალითისთვის იტალიაში, სადაც კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 8 100-ს აჭარბებს, აიკრძალა ცხედრის მოწესრიგება. დამკრძალავ ბიუროებში გარდაცვლილები სასახლით მიჰყავთ, რომლის გახსნაც აკრძალულია. იტალიაში ასევე იკრძალება დაკრძალვაზე 2 ადამიანზე მეტის დასწრება.

 

წყარო: ნეტგაზეთი

 

2020-03-27T17:21:47+04:00მარტი 27th, 2020|